ჯანდაცვა
კოვიდავადმყოფების რიცხვი მაქსიმალურია, რაც საქართველოს ოდესმე ჰქონია, სიტუაცია ძალიან სერიოზულია - თენგიზ ცერცვაძე
მიმდინარე კვირის ეპიდ-მდგომარეობამ უნდა გადაწყვიტოს დაწესდება თუ არა ქვეყანაში შეზღუდვები - სწორედ ამ პერიოდს თვლიან ჯანდაცვის წარმომადგენლები ყველაზე კრიტიკულად. ამ დროის მონაცემებით, ქვეყნის კლინიკურ სექტორში კოვიდ პაციენტებისთვის მობილიზებულია 7 ათასამდე საწოლი, საიდანაც 6 ათასამდე უკვე დაკავებულია. 1200-მდე პირია მოთავსებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში.

,,ეპიდვითარება საყურადღებოა, თუმცა არა საგანგაშო" - მიიჩნევს ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი. თენგიზ ცერცვაძე განსაკუთრებით მნიშვნელოვნად არა კორონავირუსის დღიურ მაჩვენებელს, არამედ აქტიურ შემთხვევებს მიიჩნევს.

,,ეპიდსიტუაცია არის ძალიან სერიოზული, საყურადღებო, მაგრამ ჯერ არ არის საგანგაშო. ახალი შემთხვევების რაოდენობაც იზრდება, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რიცხვია, რომელსაც ყურადღება არ ექცევა - აქტიური კოვიდავადმყოფების რიცხვი. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც დიაგნოზი დაუდგინდათ და ჯერ განკურნებულები არ არიან. ასეთი არის 31 500 დღეისთვის. პრაქტიკულად მაქსიმალური რიცხვი, რაც საქართველოს ოდესმე ჰქონია. ნოემბერ-დეკემბერში იყო 32 ათასი. დიდი ალბათობით ეს კიდევ გაიზრდება," - აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

მისი თქმით, შეიძლება სიტუაცია ძნელად მართვადი გახდეს.

„ახალი შემთხვევების რიცხვით არ უნდა განისაზღვროს იმდენად შეზღუდვების შემოღება-არშემოღება, რამდენადაც იმით, კლინიკური სექტორი რამდენად იქნება მზად რომ ამ გაზრდილ დატვირთვებს გაუძლოს. სანამ ჯანდაცვის სექტორს შეუძლია, რომ მიიღოს ზრდადი დატვირთვები და მართოს პაციენტთა ნაკადი ნორმალურად ისე, რომ არ შეიქმნას კრიტიკული სიტუაციები, როგორც იყო ნოემბერ-დეკემბერში, მანადმე შეზღუდვების შემოღებას და უკან დაბრუნებას მე არ ვპროგნოზირებ და არც მხარს ვუჭერ. საზოგადოება ვერ აცნობიერებს იმ საფრთხეს, რომ ის სიტუაცია, რაც დღესაა, არ არის იმის გარანტია, რომ ეს სტაბილურად შენარჩუნდება. შეიძლება ისევ დაირღვეს წონასწორობა და ისევ გახდეს სიტუაცია ძნელად მართვადი. აი, ეს უნდა გაითავლისწინოს ყველამ,- განაცხადა ცერცვაძემ.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძის თქმით, ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა მოხდა პიკის გადალახვა თუ კვლავ აღმავალ მრუდზე იმყოფება. ის ვარაუდობს, რომ ამ კვირაში NCDC უკვე დააფიქსირებს, რომ დელტა ვარიანტი დომინანტი გახდა.
| Print |