ჯანდაცვა
აქტიურ ავადმყოფთა რაოდენობა ახლა სადღაც 56 ათასის ფარგლებშია - ამირან გამყრელიძე
NCDC-ის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ვაქცინაციის ეს ტემპი გაიზრდება, სექტემბერში ეპიდემიას ,,სერიოზულად გადავტეხავთ წელში". კერძოდ, გამყრელიძე განმარტავს, რომ აგვისტოში მოსალოდნელია 650 000-მდე აცრის ჩატარება და კარგი იქნება, თუ სექტემბერში ეს მაჩვენებელი 800-900 000-ს უნდა მიაღწევს.

,,საშუალო მაჩვენებელი დღეს დილისთვის გვაქვს 23 000 აცრა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 26 000. აგვისტოში ავდივართ სადღაც 650 000 აცრამდე, ცოტა მეტიც შეიძლება იყოს, საერთო აცრათა რაოდენობას გეუბნებით.

მოგეხსნებათ, რომ საერთო აცრათა რაოდენობით მილიონს დიდი ხანია გადავაჭარბეთ უკვე, ორჯერ აცრილი არის 350 000-მდე ადამიანი, ხოლო ერთხელ აცრილი 700 00-ზე მეტი. სექტემბრისთვის ყველა მეთოდი უნდა იქნეს გამოყენებული, რომ ტემპი არ დაგვივარდეს. სექტემბრისთვის თუ ჩვენ 800-900 ათასი და უკეთესია თუ მილიონი აცრა ჩატარდება, დარწმუნებული იყავით, რომ სერიოზულად გავტეხავთ წელში ეპიდემიას"
, — განაცხადა მან.

მანვე განმარტა, რომ ბოლო დღეებში მცირედი დადებითი დინამიკა იგრძნობა და გარკვეულ იმედებს იძლევა.

,,დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცილდა ბოლო რამდენიმე დღეა 10%-ს, თუმცა, რა თქმა უნდა, 7 და 14 დღის ჯერჯერობით იგივეს ფარგლებშია. მაგრამ ოდნავ, ოდნავ იგივე შემცირდა აქტიურ ავადმყოფთა რაოდენობა, დაახლოებით 6-7 ათასით. 63 ათასზე როცა ვიყავით ასული იყო ძალიან მძიმე დღეები, ახლა არის სადღაც 56 ათასის ფარგლებში.

უკვე ორი დღეა გარკვეულად დამაიმედებელია, რომ კი ინფიცირებულთა რაოდენობა დღესაც 4 ათასზე მეტი გვაქვს, მაგრამ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აჭარბებს ინფიცირებულთა რაოდენობას. ეს რაღაც იმედის ნაპერწკალს იძლევა, რომ ეპიდემია შეიძლება შეკავდეს"
, — განაცხადა მან.

27 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 031 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 585, ხოლო გარდაიცვალა — 73 ადამიანი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 26 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,43%, ბოლო 14 დღის განმავლობაში — 10,70%, ხოლო 7 დღის — 10,4%. 
| Print |