ჯანდაცვა
160 გამარჯვებული, აქედან 6 სამცხე-ჯავახეთიდან - ,,აიცერი და მოიგეს" პირველი შედეგი
კოვიდვაქცინირებულთა ლატარიის პირველი გათამაშების შედეგად ახალციხიდან ოთხმა, ადიგენიდან და ბორჯომიდანაც თითო - თითო პირმა 100-100 ლარი მოიგეს.

ექვსი გამარჯვებულიდან სინოფარმის ვაქცინა მხოლოდ ერთ ახალციხის მკვიდრს ჰქონდა გაკეთებული, დანარჩენი ხუთი ფაიზერის ვაქცინით იყო აცრილი. 

ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით, აცრილებისთვის დაწყებული გათამაშებები წლის ბოლომდე გაგრძელდება. პირველი გათამაშების შემდეგ ქვეყანას 160 გამარჯვებული ჰყავს და მათი ჯამურად მოგებული თანხა 20 ათას ლარს შეადგენს.

ლატარიის პირობების მიხედვით, გამარჯვებული შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდება. ჯამური საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარია. გამარჯვებულებს პროგრამა ავტომატურად, ერთიანი ბაზიდან, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოავლენს.


ყოველდღიური გათამაშების გარდა, იქნება ყოველკვირეული და შემაჯამებელი გათამაშებები.

ყოველდღიური გათამაშებისას გამარჯვებულ პირს მაქსიმუმი 500 ლარამდე თანხის მოგება შეუძლია. ყოველკვირეულის შემთხვევაში კი 1 000-დან 10 000 ლარამდე თანხა. შემაჯამებელი გათამაშება 31 დეკემბერს გაიმართება და მისი საპრიზო თანხა 100 000 ლარია.

ლატარიაში გამარჯვებულ მოქალაქეებს ტელეფონით დაუკავშირდებიან, გარდა ამისა, მოგების შესახებ მოქალაქეებს ინფორმაციის მიღება შეეძლებათ ვებგვერდიდან www.stopcov.lotto.ge ლატარიისთვის თანხა ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

ლატარიაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ერთჯერადად მაინც არის აცრილი.


| Print |