ჯანდაცვა
ძალიან მძიმე ზამთარი გველოდება - სერგო ჩიხლაძე
ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ის, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი შემცირდა. ეს განცხადება „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა. მისივე თქმით, მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანიის არარსებობისა და აცრის ტემპის დავარდნის გამო, შემოდგომის ბოლოს კორონავირუსის „მეხუთე ტალღაა“ მოსალოდნელი.

„სამწუხაროდ, ე.წ. მეხუთე ტალღა მსოფლიოშიც და საქართველოშიც, სავარაუდოდ, შემოდგომის ბოლოს იქნება, თუმცა, აქ მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად მომზადებული დახვდება ქვეყანა ამ „მეხუთე ტალღას“.

ასეთი მოუმზადებლობით, რა თქმა უნდა, შედეგები ძალიან მძიმე იქნება, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, რომლებმაც „მეოთხე ტალღის“ პირობებიც კარგად მართეს სიტუაცია და ასეთი მაღალი არც სიკვდილიანობა ჰქონდათ, არც ავადობის შემთხვევები. ხედავთ, რომ ბევრი ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს უბრუნდება.

ჩვენთან მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდება, ყველა ტალღის პირობებში. მითუმეტეს, როდესაც დავარდა ვაქცინაციის მაჩვენებელი და ჩვენ წლის ბოლომდე ნამდვილად ვერ გავალთ მოზრდილი მოსახლეობის აცრის 60%-იან ნიშნულზე, აქედან გამომდინარე, ძალიან მძიმე ზამთარი გელოდება.

სამწუხაროდ, გარდაცვალებისა და დაინფიცირების თვალსაზრისით კვლავ მაღალი ციფრები გვექნება. ეს პასუხისმგებლობა სრულად ადევს კისერზე ხელისუფლებასა და ჯანდაცვის სამინისტროს. ის, რომ ადამიანები არ იცრებიან, ისევ და ისევ გამომდინარეობს იქედან, რომ ვაქცინაცია გვიან დაიწყო და რაც მთავარია, მიზანმიმართული საინფორმაციო, საგანმანათლებლო კამპანია დღემდე არ მიმდინარეობს ხელისუფლების მხრიდან.

8 თვე დაგვიანებულია უკვე მიზანმიმართული, სექტორული მუშაობა. საგანმანათლებლო, საინფორმაციო კამპანია და ასევე ადგილებზე მუშაობა რეგიონებში ფაქტობრივად არ მიმინარეობს. ეს არის უპასუხისმგებობა, არაკომპეტენტურობა და დანაშაულებრივი გულგრილობა ჯანდაცვის მინისტრის, პრემიერ-მინისტრის, როგორც ახლანდელის, ასევე წინა პრემიერის და ზოგადად ხელისუფლების“
,- სერგო განაცხადა ჩიხლაძემ.
| Print |