ჯანდაცვა
ამცრელი პუნქტები უფრო აქტიურად უნდა მივიტანოთ სოფლებში - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 12 469-მა ადამიანმა გაიკეთა.

სულ, ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კოვდისაწინააღმდეგო ვაქცინებით აცრილია 1 774 769 მოქალაქე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა მაჩვენებელი, რომელიც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას განსაზღვრავს, გაუმჯობესებულია.

თუმცა, მისი თქმით, ეს სრული დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

„აგვისტოსთან შედარებით მდგომარეობა ბევრად უკეთესია. ყველა მაჩვენებელი, რომელიც ეპიდსიტუაციას ახასიათებს – ახალი შემთხვევების რაოდენობა, დადებითობის მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი და ყველაზე მძიმე ინდიკატორი, სიკვდილიანობაც კლებისკენ არის. დადებითობის მაჩვენებელი 7 პროცენტს ჩამოცილებულია. ეპიდვითარება უმჯობესდება, მაგრამ სრული დამშვიდებისკენ ჯერ შორს ვართ. იგივე 1 929 შემთხვევა, რაც დღეს გვაქვს, არ არის ცოტა. უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, რაზეც ვსაუბრობთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე კვლავ ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის გააქტიურების მნიშვნელობაზე.

„სიკვდილიანობის პიკი გადავლილია, სიკვდილიანობა ნელი ტემპით იკლებს. ოცდაათიც ბევრია და უნდა ჩამოვიდეს ერთეულებამდე. ერთეულებამდე სიკვდილიანობის ჩამოსვლა პირდაპირ პროპორციულია აცრებთან. რაც მეტი ადამიანი აიცრება, მით ნაკლები იქნება სიკვდილიანობა. სიკვდილიანობის დიდი პროცენტი მოდის ხანდაზმულებზე. ამიტომ რაც მეტი ხანდაზმული, რაც მეტი ახალგაზრდა აიცრება, მით ნაკლები გვექნება სიკვდილიანობა.

განსაკუთრებით გასააქტიურებელია აცრები. ბოლო ერთი კვირაა, აცრის მაჩვენებელი სერიოზულად მცირდება. გვაქვს 13 000-მდე დღიური აცრა. ჩვენ ვგეგამვდით, სექტემბერში დღიურად 30 000-მდე აცრაზე ავსულიყავით, რათა სწრაფად მიგვეღწია საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის. სამწუხაროდ, ეს ვერ ხერხდება, დამყოლობა მცირდება და ახლა უნდა შევცვალოთ სტრატეგია აცრებთან მიმართებაში. თუ აქამდე მოსახლეობა აქტიურობდა და თვითონ მოდიოდა ამცრელ პუნქტებში, ახლა პირიქით, უფრო აქტიურად ამცრელი პუნქტები უნდა მივიტანოთ მოსახლეობასთან.

უნდა გააქტიურდეს პირველადი ჯანდაცვა. შედარებით უკეთესი სიტუაცია გვაქვს აცრების კუთხით თბილისში, სადაც მოზრდილი მოსახლეობის 40%-ზე მეტია აცრილი, ასევე არაუშავს აჭარაში, სადაც 30%-ზე მეტია აცრილი, დანარჩენი რეგიონები ჩამორჩებიან. ვხვდებით რეგიონულ წარმომადგენლებს და ვთხოვთ, თითოეული სოფლისთვის იყოს მიკროდაგეგმარების გეგმა, ამ 90 დღის განმავლობაში თითოეულ დღეს თითო სოფელში რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს აცრილი, რომ მობილური ბრიგადებით მივიდეთ მოსახლეობასთან“,
– განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
| Print |