ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა სამჯერ შემცირდა
„სამწუხაროდ, აცრის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო-ქართლსა და სამცხე-ჯავახეთშია“, - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გააკეთა. ექვსი ოქტომბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში 33 075 აცრა ჩატარდა. ამცრელ ოთახებში ამბობენ, რომ მსურველთა რაოდენობა ბოლო 10 დღე თანდათან იკლებს.

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა ერთ დღეში 60-მდე პირმა გაიკეთა. კლინიკის მენეჯერი სოფიო მორგოშია ამბობს, რომ ერთი კვირის წინ დღეში 200 მოქალაქეს ცრიდნენ.

„ეს იმის მესამედია, რაც სექტემბრის ბოლო კვირას იყო. ნელ-ნელა ჩამოიწია რიცხვმა. ეჭვი მაქვს, რომ ვირუსის შემთხვევები მოიმატებს“.

აცრის მსურველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა კლინიკა „იმედშიც“. დირექტორის თქმით, თუ დღეში 70-მდე პირს ცრიდნენ, ახლა ეს რიცხვი 20-მდე ჩამოვიდა.

„აცრის დღეებში ადრე რომ იყო 70-80 კაცი, ახლა არის 20 კაცამდე. ერთი კვირაა რაც კლება დაიწყო. ადრე აცრის დღე რომ არ იყო, ხალხი მაშინაც მოდიოდა. ალბათ, ვისაც უნდოდა აცრა, უკვე აიცრა, სხვა პირებთან მეტია სამუშაო. ვეღარ ავდივართ იმ პროცენტზე, რაც საჭიროა“, - გვითხრა გიორგი ბარძიმაძემ.

ქვეყანაში ვაქცინაციის გააქტიურების მიზნით, 15 ნოემბრიდან „ვაქცინაციის მარათონი“ იწყება.

| Print |