ჯანდაცვა
თუ გაგრძელდა ნახტომისებური ზრდა, გამკაცრდება რეგულაციები - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ რუსთავი 2-თან ინტერვიუში თქვა, რომ თუ კორონავირუსის შემთხვევების ნახტომისებური ზრდა გაგრძელდება, შესაძლოა რეგულაციები გამკაცრდეს.

,,თუ იქნა ე.წ. ნახტომისებური ზრდა და ეს გაგრძელდა, რა თქმა უნდა, მერე დადგება საკითხი სხვადასხვა რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით. კუმულაციური იმუნიტეტი შეაჩერებს და შეამსუბუქებს მეხუთე ტალღას.

შეიძლება შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატოს, ამას მოჰყვება, თავისთავად აქტიური შემთხვევების ზრდა, გადატვირთვა ჯანდაცვის სექტორის და ყველა ის თანმდევი მოვლენები, რაც ახასიათებს ეპიდვითარების გაუარესებას. ამიტომ, აქ შეჩერების ერთადერთი გზა გახლავთ აცრების სერიოზული ინტენსიფიცირება"
- თქვა ამირან გამყრელიძემ რუსთავი 2-თან.

გამყრელიძის თქმით აცრები შემცირებულია, მან დამსაქმებლებს თავიანთ დაწესებულებებში აცრის მაჩვენებლების შემოწმებისკენ მოუწოდა.

საქართველოში 10 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 871 116 აცრა. ამავე მონაცემებით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 000 102 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.2 %.

სრულად ვაქცინირებულია 871 014 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 30.5 %.

9 ოქტომბერს აიცრა 6 964 ადამიანი.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის ინფიცირების 2 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 9 ოქტომბერს ჩატარდა 6 964 აცრა.
| Print |