ჯანდაცვა
კოვიდ19-ის გადატანიდან 6 თვის შემდეგ ადამიანებს უჩნდებათ დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დეპრესია - გიორგი ფხაკაძე
პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ვარაუდობს, რომ საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღა დეკემბრის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი.

,,30%-მდე ყველა, ვინც გადაიტანა კოვიდი, რჩება სხვადასხვა ტიპის პოსტკოვიდური გართულებები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პოსტკოვიდური ეპიდემია, რომელიც საქართველოში უკვე დაწყებულია, შევაჩეროთ,“ - აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

გარდა ამისა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი პოსტკოვიდური გართულებების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ვირუსის გადატანიდან რამდენიმე თვის შემდეგ სხვადასხვა დაავადებები გამოუვლინდათ. განსაკუთრებით, მისი თქმით, ეს არის დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასევე მენტალური გართულებები.

,,კვლევებია ჩატარებული, სადაც 80-100 ათასი ადამიანია ჩართული, სადაც ვხედავთ, რომ 6 თვის შემდეგ ადამიანს უჩნდება დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც კარგავენ ყნოსვას, გემოს. ჩვენ დავინახავთ, რომ ამ ადამიანებში გულ-სისხლძარღვთა პრობლემების გართულება არის და ა.შ.

ძალიან დიდი გართულება არის დეპრესია, განსაკუთრებით მანდილოსნებში. ეს კვლევებით არის დადასტურებული და ამის მერე სხვადასხვა ტიპის მენტალური გართულებები, ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი და კი არ უნდა ველოდოთ რაღაც წამალს, რომელიც მერე დაგვეხმარება, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩვენ არ დაგვემართოს ეს ვერაგი ვირუსი,“
- ამბობს გიორგი ფხაკაძე.

გიორგი ფხაკაძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ პანდემიის დამარცხების ერთადერთი საშუალება ვაქცინაცია და პირბადეა. ფხაკაძე მიმართავს ექიმებს რეკომენდაციით, რომ მათი 100% აიცრას.

,,ორი ყველაზე კარგი ვაქცინაა მსოფლიოში, ეს არის "ფაიზერი" და "მოდერნა". ვფიქრობ, უნდა ვიყოთ სტრატეგიულები, ჯერ მოზრდილი ადამიანები არ აცრილან და უკვე ბავშვებზე დავიწყეთ კონცეტრირება. კონცეტრირება უნდა მოხდეს სამედიცინო პერსონალზე, პედაგოგებზე. ვთვლი, რომ უნდა გამოვიყენოთ საფრანგეთის მაგალითი, საფრანგეთში სამედიცინო პერსონალი, ექიმები, სოცმუშაკები, 100%-ით არიან აცრილები. თავიდან იყო პროტესტი, მაგრამ 1 კვირაში დასრულდა.

არის პროფესიები, სადაც "ფაიზერით" ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს, როგორც ისრაელმა გააკეთა, სასწავლებლებში, მასწავლებლები, მანდატური, ტექნიკური პერსონალი უნდა იყოს 100 %-ით აცრილი, ამის შემდეგ უკვე მომსახურების სფეროში, სადაც ადამიანებს აქვთ ურთიერთობა, ახლო კონტაქტი, უნდა შევამციროთ რისკები. შემდეგი ეტაპი უნდა იყოს კოვიდ-საშვი,"
-განმარტავს გიორგი ფხაკაძე.

გიორგი ფხაკაძემ მსოფლიო გამოცდილებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მასობრივი ვაქცინაცია ჩატარდა, სიკვდილობა თითქმის არ ფიქსირდება.

,,ბრიტანეთში ჩატარებული კვლევით დავინახეთ, რომ ვირუსი ვრცელდება, მაგრამ არ კლავს. მოდით სიმართლე ვთქვათ, თუ ადამიანი საქართველოში მოხვდა რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი გადარჩენის შანსი არის ძალიან დაბალი, თავს ნუ ვიტყუებთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოქალაქეები არ მოხვდნენ რეანიმაციაში, ორი რაღაც არის გასაკეთებელი, "ფაიზერით" აცრა და სამედიცინო პირბადე,"- აღნიშნა "დღის კურიერში" გიორგი ფხაკაძემ.
| Print |