ჯანდაცვა
ახალციხის კოვიდკლინიკაში პაციენტთა რაოდენობა 95%-ით გაიზარდა - გიორგი ბარძიმაძე
„სამცხე-ჯავახეთში ინფიცირებულთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება“- განაცხადა ახალციხის კლინიკა „იმედის“დირექტორმა. გიორგი ბარძიმაძის თქმით, კლინიკაში შემცირებულია იმუნიზაციის პროცესი, რაც უფრო მეტად ზრდის ინფიცირებულთა რაოდენობას. კლინიკაში რეინფიცირებულთა შემთხვევებიც იზრდება და ასეთ პაციენტებს ამჟამადაც მკურნალობენ. რაც შეეხება ვაქცინაციას, კლინიკა იმედში მსურველებს შეუძლიათ „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ აიცრან.

ახალციხის მსგავსად, ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების შესახებ საუბრობენ სპეციალისტები. ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ საქართველოში კორონავირუსის მე-5 ტალღა დაიწყო. გაუარესების შემთხვევაში კი რეგულაციების გამკაცრებას აანონსებენ.

მათივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა იმუნიზაციის პროცესში აქტიურად არ ჩაერთვება და ამავდროულად არ მოხდება ვითარების კონტროლისთვის საჭირო სპეციფიკური ღონისძიებების დაცვა, დამატებითი შეზღუდვები გარდაუვალი იქნება.

,,საკმაოდ საყურადღებო მდგომარეობაა, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას დაიცვან რეკომენდაციები და თავი შეიკავონ ხალხმრავალი ადგილებისგან. გამორიცხული არ არის გარკვეული რეგულაციების დაწესების საკითხი დადგეს"- პროფესორი, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური ექსპერტი მაკა ბულეიშვილი.
| Print |