ჯანდაცვა
ქვეყანას საველე ჰოსპიტლების გახსნის აუცილებლობა კვლავ დაუდგება - ბიძინა კულუმბეგოვი
10 თვის განმავლობაში ჩვენ თუ 10 000 ადამიანს დავკარგავთ პირობითად, ვაქცინაციას შეუძლია ეს ციფრი 11-ჯერ შეამციროს, ანუ ჩვენ შეგვიძლია 13-14 ათასი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

როგორც აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ ზამთრის სეზონი ახლოვდება, ვირუსით ინფიცირების მაჩვენებლის გაზრდასთან ერთად, შესაძლოა საველე ჰოსპიტლების გახსნის საკითხი დღის წესრიგში დადგეს.

„ტრაგედიას ვხედავთ, როდესაც ორი-სამი თვის ინტერვალით, ახლა ზამთრის პერიოდია და ბევრმა სხვა ფაქტორმაც იმოქმედა, კიდევ გვიწევს იმაზე ფიქრი, რომ 40 000-ს გადასცდა აქტიური შემთხვევების რაოდენობა, ახლა ქვეყანას ისევ დაუდგება საველე ჰოსპოტლების გახსნის აუცილებლობა - ამ წრიდან ვერ გამოვედით. ჩვენ გვჭირდება დამატებით იმუნური ფენა, მილიონ ნახევარი ადამიანი შეიძინოს ქვეყანამ. ამ იმუნურ ფენას ჩვენ სადღაც მაინც შევიძენთ, მაგრამ ეს იქნება ძალიან სერიოზული დანაკარგებით. 10 თვის განმავლობაში ჩვენ თუ 10 000 ადამიანს დავკარგავთ პირობითად, ვაქცინაციას შეუძლია ეს ციფრი 11-ჯერ შეამციროს. ანუ ჩვენ შეგვიძლია 13-14 ათასი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ
“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კითხვაზე, ვაქცინაციის პროცესის გაძლიერების კუთხით, ირიბ იძულებასთან დაკავშირებით ხომ არ არსებობს რაიმე სახის სქემა, ბიძინა კულუმბეგოვმა აღნიშნა, რომ დღეს ვართ წინასაარჩევნო პერიოდში და ამ ეტაპზე ეს ნაკლებად არის მოსალოდნელი.

კულუმბეგოვის თქმით, 14 დღის განმავლობაში შესაძლოა დაინფიცირდეს 60 ათასამდე პირი და აქედან 600-მდე ინფიცირებული დაუღუპოს.

„აქ ხელშემშლელი ფაქტორი არის საარჩევნო პერიოდი, რაშიც ჩვენ ვართ. იმედს ვიტოვებ, რომ არჩევნების შემდგომ მაინც იქნება ხელფეხი გახსნილი. ჩემთვის, როგორც ექიმისთვის ძალიან მძიმეა დღეში 5 000-მდე ადამიანის ინფიცირება - ეს ნიშნავს 14 დღის განმავლობაში 60 000-მდე ადამიანის ინფიცირებას. ეს არის უსერიოზულესი ციფრი და აქედან ერთი პროცენტი, 600-მდე ადამიანი ამ გადაწყვეტილებით დაიღუპება. ეს სწრაფად უნდა იყოს მიღებული, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე, არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს, სანამ არ დასრულდება საარჩევნო პერიოდი“, -
განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
| Print |