ჯანდაცვა
სხვადასხვა კონფესიის და რელიგიის სასულიერო პირები აცრის გზაგასაყარზე
საქართველოში, ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებას არც წამახალისებელმა ლატარიამ უშველა და არც მოწოდებებმა. იმუნიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა სამცხე-ჯავახეთში, სადაც დღეში საშუალოდ, 100 ადამიანი იცრება. ეპიდემიოლოგებმა, ვაქცინაციის პროცესში მხარდაჭერა არაერთხელ სთხოვეს სასულიერო პირებს, რომლებიც საზოგადოებაში მაღალი ნდობით სარგებლობენ. კონფესიების ნაწილი ამას ისედაც აკეთებდა, ნაწილი კი ამბობს, რომ მოქალაქეების გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა. ვინ აიცრა და ვინ არა სამცხე-ჯავახეთში, ოთხი რელიგიის წარმომადგენლებიდან?

ჩემი მრევლის 60-70% ვაქცინირებულია - ამბობს ჭელას მეჩეთის იმამი. ჯამბულ აბულაძე ამ მონაცემით ამაყობს და ჰყვება, რომ ხშირად ხალხი ასაცრელად სოფლიდან ახალციხეში საკუთარი მანქანით მიჰყავს. მის მრევლს სოფლების - ჭელას, ჭეჭლას და საირმეს მცხოვრებლები შეადგენენ. მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას მოქალაქეები, ძირითადად, ექიმებს და სასულიერო პირებს უსმენენ, ამიტომ აცრისკენ ღია მოწოდებებს არ ერიდება. იმამი ქვეყნის მთავარ გამოწვევაზე საუბრობს მეჩეთში, ყოველ პარასკევს, ქადაგებისას.

„მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალურად უნდა მიიღოს ადამიანმა გადაწყვეტილება, თუ შევაფასებთ იმ რისკებს და "ზარალს", რაც კორონავირუსს აქვს, მე თავს ვაძლევ უფლებას, რომ მოვუწოდო ადამიანებს ვაქცინაციისკენ. ეს არა მარტო მათი, არამედ სხვათა ჯანმრთელობისთვისაც მნიშვნელოვანია, ამიტომ ვიღებ ამ პასუხისმგებლობას. ვერ ვიტყვი, რომ ყველა მუსლიმი სასულიერო პირი მოუწოდებს აცრისკენ, მაგრამ ვართ რამდენიმე ადამიანი, ვინც ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას და ღიად და აშკარად მოვუწოდებთ დროული აცრისკენ. აქ რელიგია არაფერ შუაშია, ეს არის ადამიანური ვალდებულება, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. მედიცინას და პროგრესს არასდროს ეწინააღმდეგება ისლამი".

ჯამბულ აბულაძემ "სინოვაკის" პირველი დოზა 21 ივნისს გაიკეთა, მეორისთვის კი სპეციალურად შეარჩია ახალციხის კლინიკა "იმედი"..

"ის ტრაგიკული ამბავი (მეგი ბაქრაძის გარდაცვალება) ამ კლინიკაში მოხდა და შიშები იყო, მიზანმიმართულად გავიკეთე აქ და ამით მოვუწოდე მრევლს, რომ რაიმე პრობლემას არ წარმოადგენდა არც ვაქცინა და არც კლინიკა".


ვაქცინაციის მიმართ კითხვები მუსლიმი თემის სასულიერო პირებსაც ჰქონდათ, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ მათი კითხვებისთვის დარგის სპეციალისტებს ეპასუხათ.

"ჩემი ინიციატივა იყო, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით მიგვემართა ჯანდაცვის სამინისტროსთვის და მომხდარიყო ინფორმირება სასულიერო პირების, თუ რას წარმოადგენს ეს ვაქცინები, ახლოდან გავცნობოდით ამ ყველაფერს. ორ დღეში ბათუმში შედგა შეხვედრა თბილისიდან ჩამოსულ დარგის სპეციალისტებთან. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და იმ დღესვე 70-მდე პირი ავიცერით".

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე იმ მღვდელმთავრებს შორისაა, რომელსაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა არ გაუკეთებია და ჯერჯერობით, არც აპირებს. ეპარქიაში არ აცრილა არცერთი სასულიერო პირი თეოდორე ჭუაძე ამბობს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ვაქცინაციის პროპაგანდაში ვერ ჩაერთვება და ეს გადაწყვეტილება ადამიანმა დამოუკიდებლად უნდა მიიღოს. ქორეპისკოპოსი იმუნიზაციის მიმდინარეობაზე პასუხისმგებლობას მედიკოსებს აკისრებს.

„ჩვენ ვაქცინაციის პროპაგანდას ვერ გავწევთ, ეს მედიკოსებმა უნდა გააკეთონ, მათი სფეროა და პასუხისმგებლობაც მათ უნდა აიღონ იმაზე, როგორ მიმდინარეობს პროცესი. მთავარია, რომ ადამიანის ნება იყოს გამოხატული, ეს თვითონ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ რომ გადაწყვიტოს, უნდა იყოს კარგად ინფორმირებული. მედიკოსების მოვალეობა არის, რომ ადამიანები იყვნენ კარგად ინფორმირებულები, ასევე პირადი ექიმები, ოჯახის ექიმები, რომ ურჩიონ თავის პაციენტებს, რა დროს შეიძლება და რა დროს არა, ვისთვის შეიძლება და ვისთვის არა. შეიძლება, კონკრეტული ადამიანისთვის სხვა ვაქცინა იყოს უკეთესი, ვიდრე შეთავაზებული, ეს არის მთავარი“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

აცრა რომ მოქალაქის გააზრებული და თავისუფალი არჩევანია, ამაზე ხშირად უწევს ქადაგება ქალაქ ვალეს ღვთისმშობლის შობის სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარს. მიხეილ სურმავა „ფაიზერის“ ვაქცინით ზაფხულში აიცრა. „მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე არ ვენდობი სხვა ვაქცინას. ხშირად მიწევს წასვლა ევროპაში, ამიტომ გავიკეთე „ფაიზერი“. ნებისმიერ აღიარებულ ვაქცინას გავიკეთებდი“, - ამბობს სასულიერო პირი. საქართველოში რომაულ-კათოლიკური ეკლესიის 100-მდე მღვდელმსახურია, აქედან ბერ-მონაზვნების და მღვდლების 99% აცრილია.

„როგორც კი რეგისტრაციის პორტალი გაიხსნა, დავრეგისტრირდით მღვდლების მთელი ჯგუფი, ვისაც ჰქონდა სურვილი. ჩვენ ამით გვინდა ვაჩვენოთ ხალხს, რომ ნუ გეშინიათ! მე ხალხს ვეუბნები, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ თავისუფალი ნებით, ვაქცინაცია გინდათ თუ არა. ჩვენ არავის ვაძალებთ. პაპმა ფრანცისკემ თავისი მაგალითით აჩვენა, როგორ უნდა მოვიქცეთ. აჩვენა პატივისცემა საკუთარი თავის და სხვა მოყვასის მიმართ“.

სანამ ვაქცინა გაიკეთა, სასწრაფო დახმარების პარამედიკოსმა თითოეული ვაქცინის შესახებ ინფორმაცია მოიძია. მიხეილ სურმავა ამბობს, რომ მოქალაქეებს კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ აქვთ. ამას ემატება ანტივაქსერული განცხადებები, რომლებსაც სოციალურ ქსელში ხშირად ვხვდებით.

„მოსახლეობას სჭირდება ინფორმაცია, მაგალითად რისგან შეიქმნა „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“. არა მხოლოდ კოვიდის ვაქცინები, არამედ გრიპის ვაქცინაც. ეს ინფორმაცია არ გვაქვს. ადამიანები არ არიან სამედიცინო სფეროში გათვითცნობიერებულები. სულ უნდა იყოს ამის რეკლამა, არა მხოლოდ ის, რომ მოდით, ვაქცინა გაიკეთეთ და მონაწილეობა მიიღეთ ლატარიაში. არასაკმარისი ინფორმაციაა, ჭორები უნდა გავუქარწყლოთ ხალხს, ისტორიული ფაქტებითაც უნდა ვაჩვენოთ, მაგალითად, გრიპის ვაქცინა რომ შემოვიდა, იგივე სიტუაცია იყო. მაშინდელი კომიქსები რომ ავიღოთ, „უცხოპლანეტელები მოფრინავენ, შენ წაგიყვანენ“. ხალხს უნდა ვაჩვენოთ, რომ ანტივაქსერები მაშინაც აშინებდნენ და ახლაც“.


ვაქცინაციის პროცესს სასულიერო პირების მხარდაჭერა არ აქვს სამცხე-ჯავახეთის ეთნიკურად სომხურ თემში, რაც იმუნიზაციის მსურველთა რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდიდა. აცრისგან ჯერ თავს იკავებს სომხური სამოციქულო ეკლესიის ახალციხის სულიერი მოძღვარი. ჰაკობ საჰაკიანის თქმით, ვაქცინაციის საჭიროებაში მოსახლეობას არავინ არწმუნებს. ამასთან, ჯერ კიდევ არსებობს შიშები ახალი მედიკამენტის მიმართ.

„ხალხი შიშობს, რომ მცირე დროში შეიქმნა რაღაც ვაქცინა, რომელიც ჯერ დატესტილიც არ იყო და მათზე გამოცადეს. თავის დროზე, ვაქცინის შემუშავების შემდეგ, ხუთი-შვიდი წელი მხოლოდ ტესტავდნენ, თუ რა რეაქციას გამოიწვევდა ადამიანის აცრის შემთხვევაში. ხალხს შიში აქვს და ერიდებიან. ვფიქრობ, ეს არის მათი უფლება, გააკეთონ არჩევანი აცრას და აუცრელობას შორის. ათასობით საკითხია, რის გამოც შეიძლება ეს ვაქცინა ვერ მიიღოს ორგანიზმმა, ხალხს კი გარანტია სჭირდება“.

მღვდელმონაზონი ჰაკობ საჰაკიანი ახალციხისა და ბორჯომის რეგიონების სულიერი ინსპექტორია, ასევე სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის სულიერი მოძღვარი. ის ყოველ დღე ხვდება მრავალრიცხოვან მრევლს, თუმცა ამბობს, რომ ვერც ამ შეხვედრებზე და ვერც მედიის საშუალებით ვაქცინაციისკენ ვერავის მოუწოდებს. მღვდელმონაზონის თქმით, იმუნიზაციის მიმართ შიშები და ინფორმაციის ნაკლებობა განსაკუთრებით, სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს აქვთ.

„სოფლებში, ცხადია, ნაკლებად იცრებიან, რადგან ისინი ნატურალურ პროდუქტს მიირთმევენ და უფრო ძლიერებიც არიან. ქალაქთან ურთიერთობა ხშირად არ აქვთ, ნაკლებად აქვთ წვდომა მედიცინასთან. სოფელში არ ჰყავთ ისეთი სპეციალისტები, ვინც სწორ რჩევას მისცემდა“.

აცრას სასულიერო ლიდერების ნაწილი არ აპირებს, ნაწილი კი უკვე ვაქცინირებულია. ამის მიუხედავად, ოთხივე კონფესიის წარმომადგენელი თანხმდება, რომ იმუნიზაციის პროცესში ჩართვა ან არჩართვა მოქალაქის გაცნობიერებული არჩევანია. ამასთან, მოსახლეობის შიშებს დიდწილად, ნაკლებინფორმირებულობა განაპირობებს. აქ კი პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტროს და საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 24 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთში 17 ადამიანი აიცრა. ქვეყანაში სულ ვაქცინირებულია 1 950 693 მოქალაქე, აქედან 36 880 ჩვენს რეგიონში. საქართველოში სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 32.4%.
| Print |