ჯანდაცვა
რატომ არ ენდობა მოსახლეობა ვაქცინას - ლევან ბაიდოშვილის განმარტება
მოსახლეობის აუცრელობის სამი ძირითადი მიზეზი არსებობს - მიაჩნია ალიმენტური, ნოზოკომიური და პარაზიტული დაავადებების სამმართველოს უფროსს. ლევან ბაიდოშვილის აზრით, საშემოდგომო სამუშაოები, ვაქცინის შიში და დეზინფორმაცია ის საფრთხეებია, რის გამოც იმუნიზაციის პროცესი რეგიონში შეფერხებით მიმდინარეობს.

„ახლა მოსავლის აღების პერიოდია და კარგი ამინდების გამოყენებას ცდილობენ. თუ არ იმუშავებენ ფაქტობრივად მთელი წელი შემოსავლის გარეშე დარჩებიან.

გარდა ამისა, არის შიში აცრის მიმართ, რადგან თვლიან რომ ვაქცინა დროში გამოუცდელია“
- განუცხადა მეცხრე არხს ლევან ბაიდოშვილმა.

ეპიდემიოლოგი კიდევ ერთ მიზეზად სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციას ასახელებს.

„არის ორი ძირითადი ინფორმაციის წყარო, ერთი რომელსაც პროფესიონალები აჟღერებენ და არის სოციალური ქსელები, სადაც კარგიც იწერება და დეზინფორმაციაც ვრცელდება. სამწუხაროდ ხალხს ცრუ ინფორმაციის უფრო სჯერა, ვიდრე რეალობის“- განაცხადა ლევან ბაიდოშვილმა.

რაც შეეხება ენობრივ ბარიერს, ბაიდოშვილი ფიქრობს, რომ ეს არ არის დამაბრკოლებელი ფაქტორი, რადგან ადგილობრივები ინფორმაციას მშობლიურ ენაზე იღებენ. შექმნილი ეპიდვითარების გამო კი გარკვეული ჯგუფებისთვის სავალდებულოდ აცრის დაწესებაში ხედავს.

ვაქცინაციაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, 18 ოქტომბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, ვაქცინაციის მარათონი მიმდინარეობს.

| Print |