ჯანდაცვა
სავალდებულო ვაქცინაცია შერჩეულ ჯგუფებში და კოვიდპასპორტების ამოქმედება, სხვა გამოსავალი არ ჩანს - ივანე ჩხაიძე
ერთადერთი გზა, რაც ქვეყანას გადაარჩენს, შერჩეულ ჯგუფებში ვაქცინაცია გავხადოთ სავალდებულო და რაც შეიძლება სწრაფად ავამოქმედოთ კოვიდ-პასპორტების სისტემა, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე სპეციალისტები დიდი ხანია საუბრობენ.

როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, ქვეყანამ სხვა ყველანაირი რესურსი უკვე ამოწურა.

„ჩვენი ექიმების და პროფესიონალების სურვილია, რომ ქვეყანაში დაიწყოს კოვიდპასპორტის გამოყენება, მაღალი რისკის ჯგუფებში ვაქცინაცია გახდეს სავალდებულო. ძალიან კარგი იქნება, თუ ხელისუფლება გაითვალისწინებს ამ რეკომენდაციებს, სხვა გამოსავალი სამწუხაროდ არ ჩანს. პანდემიის შეჩერების არანაირი სხვა რესურსი არ გვაქვს, ვაქცინაციის რესურსი ამოწურულია. ხალხის დარწმუნების, დაჯერებისა და თუნდაც, ინფორმაციის მიწოდების რესურსი ამოწურულია, რადგან უკუგება ნულის ტოლი გვაქვს. ერთადერთი გზა, რაც ქვეყანას გადაარჩენს, არის სწორედ ვაქცინაცია გავხადოთ სავალდებულო შერჩეულ ჯგუფებში და რაც შეიძლება სწრაფად ავამოქმედოთ კოვიდპასპორტების სისტემა, - ეს გზა გაიარა ძალიან ბევრმა ქვეყანამ. ბევრ ქვეყანაში ამ გზას ძალიან კარგი შედეგი მოჰყვა მყისიერი ზრდა ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის, მაგრამ ერთი უნდა გავითვალისწინოთ, შეიძლება ხვალ და ზეგ, ამ მოწოდების შემდეგ, ამ ღონისძიებების დანერგვის შემდეგ გაიზარდოს ნაკადი ვაქცინაციის კაბინეტებში, მაგრამ შედეგი გვექნება ძალიან გვიან - 5-6 კვირა არის აუცილებლად გასათვალისწინებელი, რომ გვექნება ლოდინის პერიოდი", - განაცხადა მან.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, პირბადის ტარებაზე მკაცრი კონტროლის განხორციელება.

"არ უნდა მოძრაობდეს ადამიანი, არც ღია და არ დახურულ სივრცეში ნიღბის გარეშე, ეს არის მომენტალური შედეგის მომტანი. თუ ჩვენ ხვალიდანვე დავიწყებთ ამას, მკაცრად მოვითხოვოთ და დავიცვათ ნიღბის ტარების ვალდებულება, შედეგი გვექნება მომენტალური, - ეს ისეთივეა, როგორიც ნებისმიერი სხვა აკრძალვა, მაგრამ იოლი განსახორციელებელია, რადგან გაცილებით ნაკლები ზიანის მომტანია, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
| Print |