ჯანდაცვა
კოვიდ19-ის სამკურნალო მედიკამენტები დეკემბრის ბოლოს გამოჩნდება ბაზარზე - თენგიზ ცერცვაძე
2021 წლის ბოლოს, მსოფლიო ბაზარზე გამოჩნდება COVID19-ის სამკურნალო ორი პრეპარატი - „პაქსლოვიდი“ და "მოლნუპირავირი", რომლებიც კვლევების თანახმად, მნიშვნელოვნად შეამცირებს ინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს.

5 ნოემბერს ამერიკულმა ფარმაცევტული კომპანიამ „ფაიზერმა“ განაცხადა, რომ მათ მიერ შექმნილი COVID19-ის სამკურნალო აბები „პაქსლოვიდი“ 89%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. ერთი დღით ადრე, 4 ნოემბერს კი გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის რეგულატორმა დაამტკიცა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „მერკ, შარფ და დოჰმეს“ (MSD) მიერ წარმოებული მსოფლიოში პირველი ანტივირუსული მედიკამენტი „მოლნუპირავირი“.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი და პანდემიის კლინიკური მართვის გუნდის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე, აცხადებს, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც „მოლნუპირავირსა“ და „პაქსლოვიდს“ მიიღებს. როგორც მან განმარტა, რომ აღნიშნული ორი მედიკამენტი პრაქტიკულად რევოლუციას მოახდენს პანდემიის მართვაში.

„ველოდებით უახლეს მედიკამენტებს - „მერკის“ მიერ შექმნილ „მოლნუპირავირს“ და „ფაიზერის“ მიერ შექმნილ ტაბლეტირებულ მედიკამენტს, რომლებიც პრევენციული მიზნებით იქნება გამოყენებული. ვარაუდია, რომ ამ ორი მედიკამენტების კლინიკური გამოცდა თითქმის დასრულდა. ასევე კვლევებით დასტურდება, რომ მედიკამენტები პაციენტმა დიაგნოზის დასმისთანავე უნდა მიიღოს და ასეთ შემთხვევაში დამძიმების რისკები, 50%-დან 90%-მდე მცირდება, შესაბამისად, მცირდება ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილობის რისკები“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, როგორც კი ბაზარზე მედიკამენტები გამოჩნდება, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც მას მიიღებს.

„საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც ამ მედიკამენტს მიიღებს, რომელიც ბაზარზე, სავარაუდოდ, გამოვა დეკემბრის ბოლოს. აუცილებლად მივიღებთ, ერთ-ერთს მაინც, რადგან დიდი ხნით ადრე გვქონდა ინფორმაცია, რომ მედიკამენტები იქმნებოდა და დეკემბრის ბოლოს გამოჩნდებოდა, ამიტომ მის მიღებაზე ზრუნვაც დიდი ხნით ადრე დავიწყეთ“, - განაცხადა ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში.

დიდმა ბრიტანეთმა უკვე განაცხადა, რომ შექმნილია კორონავირუსის საწინააღმდეგოდ სამკურნალო აბები, რომლებზეც კვლევა დასრულდა და ის უკვე დამტკიცებულია.

იგივე განცხადება გააკეთა კომპანია „ფაიზერმაც“. ამ დროისთვის უცნობია როდის გამოჩნდება მედიკამენტები ბაზარზე.
| Print |