ჯანდაცვა
200-ლარიანი დანამატის შემდეგ 60 წელს ზევით პირებში ვაქცინაცია გაიზარდა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, "ფინანსურმა წახალისებამ" 60 წელს ზევით პირებში ვაქცინაციის გაფართოებას სტიმული მისცა. საუბარია საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით, 8 ნოემბრიდან თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე ჩაიტარებს, ერთჯერად 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებს.

,,აცრილთა შორის სტრუქტურულად 28%-დან 44%-მდე გაიზარდა 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში პირთა რიცხვი. საერთოდ, ვაქცინაციის გუშინდელი მაჩვენებელი 8 000-ს აჭარბებს, რაც იმედის მომცემია და ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მეტი მატება არის მოსალოდნელი", — განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, დაინტერესება ბუსტერ დოზების მიმართ, განსაკუთრებით მაღალია 18-დან 49 წლის ასაკობრივ კატეგორიაში. რაც შეეხება 12-დან 15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაციას, მისი თქმით, ამ დრომდე 643 დოზის ადმინისტრირება მოხდა. ხოლო 16-დან 18 წლამდე 11 000-ზე მეტი მოზარდია აცრილი.
| Print |