ჯანდაცვა
რა ასწავლა ცხოვრებამ ასაკოვან ექიმებს და ექთნებს

93 წლის თამარი კორონავირუსს ძლივს გადაურჩა. შედარებით მსუბუქად იავადა 83 წლის დემურმა. პროფესიით ორივე ექიმია, ამიტომ ამ გამოცდილებას ორივე მხრიდან - როგორც ექიმები და როგორც პაციენტები უყურებენ. ერთი წლის წინანდელმა გამოცდილებამ კიდევ უფრო მყარად დაარწმუნა იმაში, რაც მანამდე იცოდნენ - კორონავირუსის დამარცხების მხოლოდ ერთი გზა არსებობს. ამაში დარწმუნებულია 73 წლის ნაზიც. უამრავი დაავადების ფონზე, მედდა უყოყმანოდ აიცრა.

თამარ ყიფიანი გასულ წელს კორონავირუსს ბათუმის საავადმყოფოში 25 დღე ებრძოდა.

,,12 ოქტომბერს დამიდგინდა, დამეწყო მშრალი ხველა და სიცხეები 38 გრადუსამდე. არაფერი მტკიოდა და მაინც ვკვნესოდი. 15 ოქტომბერს მოვხვდი კლინიკაში. პირველი ოთხი დღე ისე ვიყავი, მეუბნებოდნენ, მუშაობა დაიწყე და ხელფასს აიღებო, შემდეგ დავმძიმდი. ვკვდებოდი, ორი დღე ვკვდებოდი. ძლივს გადამარჩინეს“, - იხსენებს ექიმი.

თამარის მდგომარეობა მძიმე იყო. აწუხებდა სუნთქვის უკმარისობა და მაღალი ტემპერატურა. დაკარგული ჰქონდა გემოს შეგრძნება. კლინიკიდან გამოწერის შემდეგ დიდხანს ახველებდა.

,,როგორ ვიყავი და მაგას რა აღწერს დედა, ჯოჯოხეთიდან რომ მობრუნდეს ადამიანი და ჰკითხო ეგაა. სასტიკი თავის ტკივილი, ძვლების, ნეკნების და სადაც რამე მოტეხილი მქონდა ახალგაზრდობაში, ყველაფერი საშინლად მტკიოდა. მერე ორი დღე ისე ვიყავი, მეგონა ზავი დავდე. მკვდარი ვიყავი, სიცოცხლის ნიშან-წყალი აღარ მქონდა. ისე ვიყავი გათიშული, ვეღარც ვიკითხე რას მიკეთებდნენ მუცელში და გადასხმა-გადასხმაში. გაჰყავდათ და გაჰყავდათ მიცვალებულები და მე კი დავტოვე (კლინიკა) ცოცხალმა“.

როცა ექიმების მიერ მიცემული დრო (იმ პერიოდისთვის ექვსი თვე) გავიდა, ,,სინოფარმის“ ვაქცინა ოჯახის წევრებთან ერთად შეარჩია და ასპინძაში აიცრა.
„მე ისეთ დროს ვიცხოვრე, რომ გადავიტანე ქოლერა. ამ ხნის განმავლობაში ყველას უშველა ვაქცინამ. ახლა რომ უიმედოდ არიან ადამიანები, ყველას ვეუბნები, რომ ვაქცინაციის მეტი გზა არ არსებობს. როცა ყვავილზე ასაცრელად დავდიოდით, როგორც ახლა არიან, ასე იყვნენ მაშინაც ადამიანები - მოიგონეს ახლა რაღაცო. არის ახლა ყვავილი? არა!".

მისი ოჯახის ყველა წევრი აცრილია. ახლა იმ დროს იხსენებს, როდესაც ეპიდემიამ ოჯახები გაანადგურა და სხვებსაც აცრისკენ მოუწოდებს.

,,პირველ კლასში რომ ვიყავი, მეათე კლასელი სამი გოგო ერთდროულად მოკვდა, ტუბერკულოზი იყო მაშინ. მაგის შემდეგ, მგონი, ქოლერა იყო, ნიშნიანიძეების მთელი ოჯახი ამოწყდა. მახსოვს, მამა მიდიოდა მათ ღობესთან, სარზე აცვამდა ქათამს და საჭმელს და ასე აწვდიდა მეზობლებს. მაშინ არაფერი იცოდნენ, მაგრამ დისტანციას მაინც იცავდნენ“.

არაერთ ეპიდემიას მოესწრო - ტუბერკულოზს, დიფთერიას, ქოლერას. ამბობს, რომ ვაქცინაციას მოწინააღმდეგეები მაშინაც ჰყავდა.

,,მუშაობა რომ დავიწყე, სხვათა შორის, ბევრი მშობელი მეხვეწებოდა - ოღონდაც არ აცრა თამარა რა, ოღონდ არ აცრაო. როგორც ახლა, მაშინაც ეშინოდათ და არ იცრებოდნენ. პანდემია რაც იყო, სუყველას ყოველთვის აცრამ უშველა“.

თამარ ყიფიანს მიაჩნია, რომ თავს მშვიდად და დაცულად გრძნობ, როცა აცრილი ხარ. ამის მყარი მტკიცებულებაც აქვს - „ერთმა ეპიდემიამ ჩემი ძმა იმსხვერპლა, მეორე ბიჭი რომ გაჩნდა, უკვე ვაქცინა იყო, ზესტაფონიდან ჩამოუტანეს და გადარჩა. ამიტომ მწამს ამ ვაქცინის“.
კორონავირუსის სირთულე თამარივით საკუთარ თავზე გამოცადა დემურ ფოცხვერაშვილმაც, თუმცა მისგან განსხვავებით, ვირუსი სახლში, დაბალი სიცხეებით, ოჯახის წევრებთან ერთად გადაიტანა. ძირითადად ხველა აწუხებდა და მეუღლისა და შვილის ჯანმრთელობაზე დარდობდა.

გამოჯანმრთელებიდან 120 დღეში „სინოფარმით“ აიცრა. პენსიონერ ექიმს ხალხის შიშის კარგად ესმის, რადგან ვირუსიც და ვაქცინაც ახალია, თუმცა ამბობს, რომ კაცობრიობას ამ გამოწვევის წინაშე აცრის გარდა, სხვა გზა არ აქვს.

,,კოვიდი რომ არ გადამეტანა, მაშინვე ავიცრებოდი. ვაქცინაციას ბევრი სიკეთე მოაქვს, მე მწამს რომ კაცობრიობა სწორედ ვაქცინამ გადაარჩინა. ყვავილი, პოლიომიელიტი, ბავშვთა ინფექციური დაავადებები და რამდენი სხვა. შემოვიდა თუ არა ჩინური პრეპარატები და სინოფარმი, რა თქმა უნდა, მაშინვე, 8 მაისს ავიცერი. ეს უფრო ტრადიციულია, უფრო ნაცნობი და გამოცდილი, მაგრამ არც სხვაზე დავიხევდი უკან“, - ამბობს დემურ ფოცხვერაშვილი.

83 წლის კაცი, რომელმაც მთელი ცხოვრება სხვების ჯანმრთელობაზე ზრუნვას შეალია, ამბობს, რომ კაცობრიობა ინფექციური დაავადებებისგან მხოლოდ ვაქცინაციამ იხსნა. ,,ვაქცინა დიდი შეღავათია და იმუნიზაციას, იმ დანარჩენ პროფილაქტიკურ ღონისძიებებთან ერთად, დიდი მომავალი აქვს“.

თამარისგან და დემურისგან განსხვავებით, ნაზი მანველიშვილს საკუთარ თავზე არ გამოუცდია კორონავირუსის სისასტიკე. პენსიონერმა მედდამ დაასწრო და თავი დაიცვა. ნაოპერაციევი გული აქვს, წნევას უჩივის, ჩიყვი აწუხებს და ხშირად სახსრებიც სტკივა. როგორც კი გაარკვია, რომ ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, ვაქცინაცია მისთვის უსაფრთხოა, მაშინვე აიცრა. ნაზი არსებულ მძიმე ეპიდვითარებას მწირი ინფორმაციით ხსნის.

,,ეს ეპიდემიები, ინფექციები ძალიან ხშირად არ იყო, მაგრამ თუ იყო, ასეთი რთული ფორმით, როგორც დღეს კოვიდ19-ია არასოდეს ყოფილა“.ერთ დღეში, საქართველოში გამოვლენილი 5 204 ახალი შემთხვევებიდან, 168 სამცხე-ჯავახეთზე მოდის. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის კოვიდ კლინიკებში 169-ვე ადგილი დაკავებულია. ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდით 551 ადამიანი გარდაიცვალა (16 ნოემბრის მონაცემები), სულ ვირუსმა 11 140 სიცოცხლე შეიწირა. ექიმები შიშობენ, რომ ზამთრის მოსვლასა და იმუნიტეტის დაქვეითებასთან ერთად ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება.
| Print |