ჯანდაცვა
სოფელ ფოკას მოსახლეობა 19 წლის ჯარისკაცის სიკვდილის მიზეზების დადგენას ითხოვს
სამცხე-ჯავახეთის ექსპერტიზის ბიუროსთან, ნინოწმინდის სოფელ ფოკის 70-მდე ადამიანია შეკრებილი. ადგილობრივები 19 წლის მამაკაცის გარდაცვალებას აპროტესტებენ. სარქის სააკიანი ახალქალაქის სამხედრო ნაწილში მსახურობდა. 11 ნოემბერს მას კუჭის წყლულის ოპერაცია ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გაუკეთდა, ოჯახს კი ამის შესახებ მეორე დღეს შეატყობინეს.

სარქის სააკიანი სამედიცინო დაწესებულებიდან 16 ნოემბერს გაწერეს, მაგრამ კლინიკამ მეორე დღესვე მოითხოვა პაციენტის უკან დაბრუნება. დღეს კი,  დაახლოებით 13:30 საათისთვის ოჯახს დაურეკეს, რომ ჯარისკაცი გარდაიცვალა.

სოფელ ფოკის მოსახლეობა საქმის ეფექტურ გამოძიებას ითხოვს.

თავდაცვის სამინისტროს განსაკუთრებულ საქმეთა საგამოძიებო სამმართველოს უფროსი ამირან ნოზაძე ამბობს, რომ სარქის სააკიანის გარდაცვალებას გამოძიება დაადგენს. 

ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. ექსპერტ დავით მერაბიშვილის თქმით, გვამს ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აქვს, სიკვდილის მიზეზი კი ერთ თვეში გახდება ცნობილი.

| Print |