ჯანდაცვა
გაწერისას პაციენტის მდგომარეობა სტაბილური იყო - კლინიკის მენეჯერი გარდაცვლილ ჯარისკაცზე
ოპერაციიდან ერთ კვირაში გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახის წევრების განცხადებას, რომ პაციენტს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში სათანადო ყურადღება არ მიაქციეს, კლინიკის მენეჯერმა უპასუხა. სოფო მორგოშიას თქმით, სარქის სააკიანს მათთან სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა და სამედიცინო დაწესებულებაში ხუთი დღე დააყოვნეს. გაწერისას ახალგაზრდა მამაკაცი თავს კარგად გრძნობდა. მკურნალმა ექიმებმა მას ამბულატორიულად მეთვალყურეობის რეკომენდაცია მისცეს. რაც შეეხება თრომბის ვერსიას, კლინიკის მენეჯერი ამბობს, რომ პაციენტი არ მიეკუთვნებოდა რისკ-ჯგუფს, აქედან გამომდინარე, გაწერისას ეს კვლევები არ ჩატარებია.

სარქის სააკიანი ახალქალაქის სამხედრო ნაწილში მსახურობდა. 11 ნოემბერს მას კუჭის წყლულის ოპერაცია ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გაუკეთდა, ოჯახს კი ამის შესახებ მეორე დღეს შეატყობინეს.

სარქის სააკიანი სამედიცინო დაწესებულებიდან 16 ნოემბერს გაწერეს, მაგრამ სამხედრო ჰოსპიტალის გადაწყვეტილებით, პაციენტი მათთან მოთავსდა. 18 ნოემბერს, დაახლოებით, 13:30 საათისთვის ოჯახს დაურეკეს, რომ ჯარისკაცი გარდაიცვალა.

სოფელ ფოკის მოსახლეობა საქმის ეფექტურ გამოძიებას ითხოვს.

| Print |