ჯანდაცვა
60 წელს გადაცილებულ რამდენ აცრილ პირს ჩაერიცხა 200-ლარიანი დანამატი?
„60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 200-ლარიანი დანამატის თაობაზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ აიცრნენ, კუთვნილი თანხა „ლიბერთი ბანკის“ საპენსიო ანგარიშებზე დაერიცხათ. ფულადი დახმარების თანხამ 2 024 200 ლარი შეადგინა“, - ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან გოგოძემ განაცხადა.

200-ლარიან დანამატს 60 წელს ზემოთ პირები მიიღებენ, რომლებიც პირველადი დოზით 8 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აიცრებიან. ლევან გოგოძის განმარტებით, 60 წლის და ზემოთ ასაკის პირები, რომლებიც პირველი დოზით აცრილები ან სრულად ვაქცინირებულები არიან და „ბუსტერ დოზას“ იკეთებენ, ერთჯერად ფულად დანამატს ვერ მიიღებენ.

რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომელთა ასაკი 60-დან 65 წლამდეა და საპენსიო ასაკს არ მიეკუთვნებიან, ერთჯერადი დანამატი "ლიბერთი ბანკთან" გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ახლადგახსნილ ანგარიშზე ჩაერიცხებათ.

ლევან გოგოძის თქმითვე, იმ ბენეფიციარების დაფინანსება, რომელთათვისაც 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების გაცემა 2021 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდება, თანხას მომდევნო წლის დასაწყისში მიიღებენ.
| Print |