ჯანდაცვა
ზღაპრის გმირები და კონცერტი ახალქალაქში აცრის პარალელურად
ახალქალაქის ცენტრალურ პარკში, ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ხათუნა ზახაშვილთან ერთად მოსახლეობას შეხვდება.

ადგილობრივებს შესაძლებლობა ექნებათ, საყოველთაო იმუნიზაციის პროცესში „ფაიზერის“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით ჩაერთონ და ადგილზე გაიკეთონ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა.
ვაქცინირებული პირები უფასოდ ისარგებლებენ ადგილზე განთავსებული იუსტიციის სახლის მობილური ჯგუფების მომსახურებით. ასევე, საჩუქრად გადაეცემათ სხვადასხვა ვაუჩერი.

ღონისძიების პირველ ნაწილში ბავშვების განწყობაზე ანიმატორები და ზღაპრის გმირები იზრუნებენ. ტერიტორიაზე მოწყობილი იქნება მოსასვენებელი და კვების სივრცეები. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს ბენდი - რეზო და ბავშვები. დღის ბოლოს კი მომღერალი, გიორგი სუხიტაშვილი იმღერებს.

ღონისძიება კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით გაიმართება.
პარალელურად, ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების წამახალისებელი ღონისძიება გაიმართება სამტრედიაში. მსგავსი აქტივობები უკვე ჩატარდა მარნეულსა და გურჯაანში.


| Print |