ჯანდაცვა
მიმდინარე ინფიცირებულთა რაოდენობა, დაახლოებით ერთი მუნიციპალიტეტის ტოლფასია - ხათუნა ზახაშვილი
ეპიდემიოლოგმა ხათუნა ზახაშვილმა ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ თუ ვაქცინაციის მაჩვენებელი არ გაიზრდება მძიმე ზამთარი გველის. მისივე განმარტებით, დღეს არსებული ინფიცირებულთა რაოდენობა, დაახლოებით ერთი მოზრდილი მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების რაოდენობის ტოლფასია.

,,დელტა შტამი მარტო ერთი ქვეტიპი არ არის, მას აქვს მრავალი ნაირსახეობა.ე.წ. დელტა პლუსი. საქართველოში ვირუსის შტამების მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ცენტრს უკვე გამოქვეყნებული აქვს დელტა პლუს ვარიანტების ნაირსახეობები, რომელიც ქვეყანაში აღმოჩნდა.

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მაღალია ავადობის მაჩვენებელი საქართველოში. ახალი შემთხვევათა რაოდენობა ოთხი- ხუთი ათასის ფარგლებში მერყეობს. 70 წლის ზემოთ გვაქვს ყოველდღიური სიკვდილობის მაღალი მაჩვენებელი. დღეის მდგომარეობით, 53 000 ადამიანზე მეტია მიმდინარე ინფიცირებული, ეს დაახლოებით ერთი მოზრდილი მუნიციპალიტეტის ტოლფასია."


ხათუნა ზახაშვილმა სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზეც ისაუბრა და თქვა, რომ აჭარასთან და თბილისთან შედარებით, რეგიონი ძალიან დაბალ საფეხურზეა.

"სხვა რეგიონებთან შედარებით, აცრების რაოდენობით სამცხე-ჯავახეთი ყველაზე დაბალ საფეხურზეა. თბილისის საწოლფონდი უმკლავდება სხვადასხვა რეგიონიდან გადაყვანილ პაციენტებს. ჯერ-ჯერობით ეს პროცესი მართვადია, თუმცა თუ ვაქცინაციის მაჩვენებელი არ გაიზრდება ჩვენ ძალიან მძიმე ახალი წელი გვექნება" - განაცხადა ეპიდემიოლოგმა ხათუნა ზახაშვილმა.


| Print |