ჯანდაცვა
ვეცადოთ, რაც შეიძლება მოკრძალებულად აღვნიშნოთ ახალი წელი - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ახალი წლის მოკრძალებულად აღნიშვნისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ისაუბრა.

მიზეზი ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე სიმშვიდის საფუძველი არ გვაქვს, რადგან საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის ყოველდღიურად კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ ძალიან დიდია.

გამყრელიძის თქმით ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დავიცვათ რეკომენდაციები, რადგან ზამთრის პერიოდში რესპირაციული ვირუსები აქტიურდებიან და შესაძლოა, კვლავ გაიზარდოს კორონავირუსით ინფიცირების დონე.

კვლავ მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ეს რიცხვი არ შემცირდება მანამ, სანამ ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 1 000-ზე ნაკლები არ იქნება.

"მოგეხსენებათ ახალი წელი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია, ამიტომ უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება მოკრძალებულად გვქონდეს ეს დღესასწაული, ანუ თავი ავარიდოთ ძალიან დიდ შეკრებებს, ყველგან ვიყოთ პირბადით, იქნება ეს შიდა სივრცე თუ გარე სივრცე. ყველა შეკრება იქნება, ბავშვებისთვის კონცერტი თუ სხვა ასეთი ღონისძიებები, ადამიანები იყვნენ იქ აცრილი, ანუ დაუშვან მხოლოდ მწვანე პასპორტებით", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
| Print |