ჯანდაცვა
"ომიკრონის“ შემთხვევაში, ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მაღალია - ივანე ჩხაიძე
,,ომიკრონის" შემთხვევაში ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ზრდასრული ინფიცირებულების. ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, "ომიკრონის" შტამის შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა შედარებით მსუბუქია, ვიდრე "დელტა" შტამის შემთხვევაში იყო. ჩხაიძემ განმარტა, რომ სახელმწიფო ვერ ახერხებს უსაფრთხო სახლისა და სკოლის შენარჩუნებას, რადგან გადადების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.

,,12-დან 15 წლამდე ბავშვებში ვაქცინაციის მაჩვენებელი სამწუხაროდ დაბალია, ისევე როგორც მთელ მოსახლეობაში. პრაქტიკულად ჩვენ ვერ ვახერხებთ უზრუნველვყოთ უსაფრთხო სახლი. ეს ეხება სკოლასაც, რადგან სკოლებში ვაქცინაციის მაჩვენებელი არ არის ისეთი მაღალი, როგორიც უნდა იყოს.

ერთი, რაც შეიძლება გათვალისწინებული იყოს, რომ „ომიკრონი“ კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით არ წარმოადგენს ისეთივე საფრთხეს, როგორსაც „დელტა“. თუმცა ისე არ უნდა განვიხილოთ, რომ „ომიკრონი“ არის სრულიად უწყინარი და ყველა შემთხვევაში მიმდინარეობდეს მსუბუქად. დიახ, შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ „ომიკრონის“ შემთხვევაში, ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაცილებით მეტია, ვიდრე წინა პერიოდში“
, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

„ომიკრონ“ შტამი „დელტასთან“ შედარებით 105%-ით უფრო გადამდებია, - ამ ინფორმაციას Euronews ფრანგი მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, მეცნიერები „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელებას 25 ოქტომბრიდან 18 დეკემბრამდე აკვირდებოდნენ და კვლევისას 130 000-ზე მეტი დაინფიცირებული ადამიანის მონაცემები გამოიყენეს.

ამავე კვლევის თანახმად, „ომიკრონ“ ვარიანტი განსაკუთრებული სისწრაფით ბავშვებში ვრცელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის ტედროს ადანოს გებრეისუსმა განაცხადა, რომ მსოფლიოს „ახალი შემთხვევების ცუნამი“ ემუქრება.

„გასული კვირის განმავლობაში პანდემიის დაწყების დღიდან ვირუსით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. მხოლოდ 1 კვირის მანძილზე 9.5 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 71%-ით მეტია“, - განაცხადა მან.
| Print |