ჯანდაცვა
კოვიდის შემთხვევები იმატებს, ჰოსპიტალიზაცია მცირდება
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენის მზარდი დინამიკა ნარჩუნდება, თუმცა შემთხვევების უმეტესობა საშუალო დ მსუბუქი სიმძიმისაა, ამიტომ ჰოსპიტალში მოთავსებას არ საჭიროებენ.

ახალციხის კოვიდკლინიკის დირექტორის გიორგი ბარძიმაძის თქმით, ამ ეტაპზე მათთან საწოლების 50%-ია დატვირთული. აქამდე კლინიკა „იმედი“ სრული დატვირთვით მუშაობდა და ახალი პაციენტების მოთავსება ხშირ შემთხვევაში, პრობლემას წარმოადგენდა.

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს - კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ 50 წელს ზევით პირებისთვის დაწესებულმა ფულადმა წახალისებამ, ამ ასაკის აცრის მსურველთა რაოდენობა მცირედით გაზარდა. სამცხე-ჯავახეთში კოვიდსასტუმროები აღარ ფუნქციონირებს, რეგიონის ოთხ კოვიდკლინიკაში კი საწოლფონდი 186-მდე გაზარდეს.

„დადებითობის მაჩვენებელი ნარჩუნდება, ამბულატორიულად კოვიდი უდასტურდებათ ადამიანებს. თუმცა ჯერჯერობით კლინიკა დატვირთულია 50%-ით. ვაქცინაციის მხრივ რომ გითხრათ, რომ ძალიან დიდი მატებაა, არა. მაგრამ პენსიონერებისთვის პროგრამები რომ განხორციელდა ამან თავისი შედეგი გამოიღო.“ - განაცხადა კლინიკა იმედის დირექტორმა გიორგი ბარძიმაძემ.

ნინოწმინდაში მობილიზებული 45 საწოლიდან, დღეის მდგომარეობით 24-ა დაკავებული.კლინიკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პაციენტთა რაოდენობა დეკემბრის ბოლოს შემცირდა, ბოლო ერთი კვირაა რაც მატება დაიწყო.

„დეკემბრის ბოლოს და იანვრის დასაწყისში შემსუბუქდა, მაგრამ ამ ბოლო კვირის დინამიკა ძალიან აქტიურია. 15 პაციენტი მივიღეთ ერთ კვირაში, ხუთის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. ინფიცირებულთა რაოდენობა იმატებს, ყოველდღიური მიღება გვაქვს. ბოლო კვირის დინამიკა მიდის მომატებისკენ“ - აღნიშნა ახალქალაქის კლინიკის დირექტორმა წოვინარ მანველიანმა.
| Print |