ჯანდაცვა
PCR-მა, შესაძლოა ადრეულ ეტაპზე ომიკრონი ვერ დაადგინოს - თამარ გაბუნია
PCR-მა, შესაძლოა, ადრეულ ეტაპზე ომიკრონი ვერ დაადგინოს, გირჩევთ, იზოლაციაში დარჩეთ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ “იმედის” ეთერში განაცხადა.

,,გაჩნდა კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეგვიძლია ანტიგენ ტესტის გამოყენება – შემდეგ მეტად ჩაღრმავებული კვლევები ჩატარდა და ჯერჯერობით რეკომენდაცია მაინც არის იმგვარი, რომ კი, ანტიგენ ტესტების გამოყენება ნამდვილად არის რეკომენდებული ომიკრონის დიაგნოსტირებისთვის, თუმცა მაინც მეტი სიფრთხილე გვმართებს – თუ ადამიანს აქვს სიმპტომი და ტესტი არის უარყოფითი, ამ შემთხვევაში დამშვიდების საფუძველი, შეიძლება, არ გვქონდეს და მაინც ფრთხილად უნდა მოეკიდოს მის მდგომარეობას. სიმპტომების შემთხვევაში, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ადამიანმა გაიკეთოს სწრაფი ტესტი. თუ სიმპტომები გამოხატულია, სწრაფი ტესტი მარტივად ადგენს დაავადებას. თუ მეტად საეჭვო მდგომარეობაა და სიმპტომი არ არის, კონტაქტია, რაღაც მიზეზია, რომ PCR ტესტი ჩატარდეს, ექიმი ურჩევს, რომ ჩაიტაროს PCR ტესტი” – აცხადებს გაბუნია.

ის ფაქტი, რომ ტესტმა შეიძლება ,,ომიკრონი" არ დაადასტუროს, ამის შესახებ ამირან გამყრელიძეც საუბრობს. მისივე თქმით, მოსალოდნელია ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვა, რადგან ომიკრონის ცირკულაცია 50%-ია.

,,დღევანდელი მონაცემებით თანდათან მატულობს ომიკრონის ცირკულაციის წილი საერთო დადებით შემთხვევებში. ქვეყნის საშუალოდ 50%-ია, თბილისში 65% და დანარჩენ რეგიონებში 30%-ს [აღწევს]. დროის მოკლე მონაკვეთში დიდი რაოდენობით გვექნება კუმულაციური ციფრები დადებითი მაჩვენებლებისა. რა თქმა უნდა, მოსალოდნელია ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვა, ამიტომ არ უნდა დავმშვიდდეთ, კი, შედარებით ნაკლებია გართულებები ომიკრონის დროს, განსაკუთრებით აცრილებში და ბუსტერიზირებულებში. ამიტომ ბუსტერიზაცია, სრული აცრა, დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება – თუ ამ ყველაფერს შევასრულებთ, შედარებით ნაკლებ დამაზიანებელი იქნება ეს ტალღა”- ამბობს დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე რუსთავი 2-თან საუბრისას.
| Print |