ჯანდაცვა
„კოვიდსტატისტიკამ ყველანაირი რეკორდი დაამყარა, ეპიდსიტუაცია საკმაოდ საყურადღებოა“ - ეპიდემიოლოგები
ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ და ჯოენის სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგმა მაია კაშიამ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

სპეციალისტები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ და რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

ინფექციონისტის თქმით, ვაქცინა ეფექტიანია, როგორც დელტაზე ისე „ომიკრონზე.

„არსებული ეპიდსიტუაცია საკმაოდ საყურადღებოა. ამ ეტაპზე ნაწილი ინფიცირებულების მოდის დელტა შტამზე, ხოლო ნაწილი „ომიკრონზე“. ბუსტერი, ანუ სამჯერადი ვაქცინაცია ეფექტიანია, როგორც დელტა შტამზე და წინამორბედ შტამებზე და ასევე, ამცირებს მძიმე მიმდინარეობის რისკებს „ომიკრონის“ დროს“, - აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.

ეპიდემიოლოგ მაია კაშიას თქმით, კოვიდსტატისტიკამ ყველანაირი რეკორდი დაამყარა.

როგორც კაშია აღნიშნავს, აუცილებელია ვაქცინაცია, რათა პანდემია მალე დამთავრდეს.

„მდგომარეობა ქვეყანაში არის მძიმე, ვხედავთ რომ ბოლო დღეების განმავლობაში კოვიდსტატისტიკამ ყველანაირი რეკორდი დაამყარა. თებერვლის თვეს, ველოდებით, რომ იქნება საკმაოდ მძიმე და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურების მხრივ, ჯერჯერობით, რაიმე საიმედო პროგნოზის გაკეთება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამ ეტაპზე რეგულაციების დაცვა და ვაქცინაციის პროცესში ჩართვა რჩება პრიორიტეტად. უნდა გამოვიყენოთ ეს პრიორიტებები, სხვა შემთხვევაში პანდემია დიდ ხანს გაგრძელდება“, - განაცხადა მაია კაშიამ.

| Print |