ჯანდაცვა
პანდემიას ასრულებ შენ - შემეცნებით-გასართობი ღონისძიება ახალციხეში
ახალციხეში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ შემეცნებით-გასართობი ღონისძიება გაიმართა.

საინფორმაციო კამპანია იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით, USAID-ის მხარდაჭერით პროექტ „MEDიატორის“ ფარგლებში მოეწყო.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. შეხვედრაზე დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები, რომლებზეც მედიცინისა და ჯანდაცვის ფაკულტეტის მოხალისე სტუდენტები არგუმენტირებულად პასუხობდნენ.

ქალაქის ცენტრალურ პარკში მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა ვიქტორინები, გამარჯვების შემთხვევაში მონაწილეები წამახალისებელ საჩუქრებს იღებდნენ.

ღონისძიების მიზანი განსაკუთრებით, ახალგაზრდების ინფორმირება იყო, რადგან ამ ასაკში ვაქცინაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია.

იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაციის წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს სტუმრობენ და ცდილობენ გაზარდონ მოსახლეობის ინფორმირება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ.


| Print |