ჯანდაცვა
მეგი ბაქრაძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა - რა დაადგინა სიკვდილის მიზეზად გამოძიებამ?
ადიგენელი ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალებიდან ერთი წელი სრულდება. ამ დრომდე დაუდგენელია რა გახდა ახალგაზრდა ქალის სიკვდილის მიზეზი. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ექთნის გარდაცვალების დეტალებს უკვე ერთი წელია იკვლევს. ბიუროში ვერ ასახელებენ ვერც სავარაუდო დროს, რაც დასკვნის დასადებად შეიძლება დასჭირდეთ. სასამართლო ექსპერტიზამ საქმეში თურქეთიდან მოწვეული ალერგოლოგ-იმუნოლოგი ჩართო, რომელმაც გარდაცვალების მიზეზების კვლევა უკვე დაიწყო.

"მიმდინარეობს ექსპერტიზა, ჩართულია თურქი ალერგოლოგ-რეანიმატოლოგი, რომელიც ამჟამად მუშაობს კვლევაზე და როგორც კი დაასრულებს შემდეგ გახდება ცნობილი გარდაცვალების მიზეზი. ექსპერტიზის დასრულების დროის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. პრაქტიკიდან გამომდინარე შესაძლოა, ექსპერტიზა დასრულდეს ორ თვეში, მაგრამ მეგის შემთხვევაში საკითხი რეზონანსული იყო და პროცესი გახანგრძლივდა. ჩვენი ექსპერტები 24 საათი მუშაობდნენ ამ თემაზე, მაგრამ გარკვეული გარემოებების გამო, ქართველმა სპეციალისტებმა უარი თქვეს საქმეში ჩართვაზე. ამჟამად თურქ სპეციალისტს ყველა მასალა აქვს და მუშაობს კვლევაზე", - განუცხადეს "მეცხრე არხს" ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

მეგი ბაქრაძეს, რომელიც ახალციხის კლინიკა "იმედში" ექთნად მუშაობდა, 2021 წლის 18 მარტს "ასტრაზენეკას" ვაქცინით კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩაუტარდა. ვაქცინაციის შემდეგ 27 წლის ქალი კომაში ჩავარდა და მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ადგილზე ვეღარ შეძლეს. იგი "იმედიდან" თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მეგი ბაქრაძის გარდაცვალება მედიკოსებმა 19 მარტს, 12:00 საათზე დააფიქსირეს.

ახალციხელი ექთნის გარდაცვალების საქმეში ფიგურანტი სამი ექიმიდან არცერთი მათგანი კლინიკა "იმედში" აღარ მუშაობს. ექიმი რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური და ამცრელი კაბინეტის ექიმი ვიოლეტა ინასარიძე "იმედიდან" 2021 წლის 1 ივლისს გაათავისუფლეს. უმცროსი ექიმი ბექა ლიპარტელიანი კი კლინიკიდან საკუთარი სურვილით წავიდა.
ასევე ნახეთ: 

| Print |