ჯანდაცვა
ეპიდემიოლოგები მოსახლეობას სააღდგომო რეკომენდაციებს აძლევენ
იმუნიზაციის მრჩეველთა ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ვითარებას გაუმჯობესებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში ამ კუთხით მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, ყველა პარამეტრი მიუთითებს იმაზე რომ ეპიდვითარება მუდმივად უმჯობესდება.

ჩხაიძის თქმით, ის მარტივი ღონისძიებები, რაც გარკვეულწილად 2 წლის განმავლობაში ადამიანების ცხოვრების წესი გახდა, კარგი იქნება დღესასწაულის პერიოდში გათვალისწინებული იქნება.

გარდა ამისა, ივანე ჩხაიძე ომიკრონის სამ ახალ ქვევარიანტზე საუბრობს და ამბობს, რომ ჯანმო მას განიხილავს როგორც ინტერესის ვარიანტს.

„ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ვითარება მართლაც ძალიან გაუმჯობესებულია. ყველა პარამეტრი მიუთითებს, რომ ბოლო კვირების მანძილზე საქართველოში მუდმივად უმჯობესდება ის ციფრები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ მდგომარეობის შეფასებისთვის.

თუნდაც რამდენიმე მაგალითი, რომ ავიღოთ ქვეყანაში დღეს სტაციონარში 340 პაციენტი მკურნალობს, მაშინ როდესაც ქვეყანაში პიკზე 8000-ზე მეტი პაციენტი გვყავდა. ძალიან შემცირებულია აქტიური შემთხვევების რაოდენობა, 1600 შემთხვევაა მაშინ, როდესაც ჩვენ 228 ათასი შემთხვევა გვქონდა თებერვლის დასაწყისში.

მკვეთრად არის შემცირებული ე.წ. რეპროდუქციული ინდექსი, რაც ნიშნავს რამდენად შესაძლებელია იყოს ინფექციის გავრცელების რისკი.

ასევე ის მაჩვენებელი, რომელიც 1 დღის განმავლობაში ინფიცირებული ადამიანების რაოდენობას განსაზღვრავს, გუშინ 74 იყო. ასეთი მაჩვენებელი ჩვენ არ გვქონია 2020 წლის აგვისტოს შემდეგ. ყველაფერი ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია გვაძლევს თუ არა ეს საფუძველს ვისაუბროთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პანდემია დასრულდა და აღარ გვექნება მომდევნო პერიოდის განმავლობაში.

რა თქმა უნდა, არა. ჯანმო გვაფრთხილებს და ბოლო კვირის განმავლობაში გამოჩნდა ომიკრონის სამი ახალი ქვევარიანტი, რომელსაც ჯერჯერობით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს როგორც ინტერესის ვარიანტს, აკვირდება მათ და არ გამორიცხავს მომდევნო პერიოდში ახალი მუტაციის გამოჩენის რისკს.

რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უნდა შევაფასოთ როგორც პოზიტიური და გაუმჯობესებული, მაგრამ ის მარტივი ღონისძიებები, რაც გარკვეულწილად ჩვენთვის 2 წლის განმავლობაში ცხოვრების წესი გახდა, უმჯობესი იქნება თუ გავითვალისწინებთ.

ასევე თუ გავითვალისწინებთ მომდევნო პერიოდში დღესასწაულების გამო გაზრდილ კონტაქტებს, უმჯობესი იქნება სასაფლაოზე გასვლისას, ნიღაბს თუ გამოვიყენებთ. ამით არაფერი დაშავდება. დისტანცირება, ნიღბის ტარება, ჰიგიენის წესების დაცვა და ვაქცინაცია, ეს არის 4 მარტივი წესი, რომელიც აუცილებლად გვჭირდება, მით უმეტეს მომატებული საფრთხის პერიოდში. საუბარი იმაზე, რომ კორონავირუსმა ამოწურა თავისი მუტაციის შესაძლებლობები და ახალი მუტაცია არ გამოჩნდება, ჯერჯერობით ნაადრევია“
, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
| Print |