ჯანდაცვა
ახალქალაქში დაჭრილი მამაკაცი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს
ახალქალაქში დაჭრილი 36 წლის მამაკაცი მკურნალობას "ვივამედში" აგრძელებს. როგორც კლინიკაში განმარტავენ, მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. სამედიცინო ცენტრის კლინიკური  მენეჯერის ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, პაციენტი კონტაქტური და ადეკვატურია.

"პაციენტი ექსტუბირებულია, ანუ მოხსნილია სუნთქვის აპარატიდან.  ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები სტაბილურია. პაციენტი გააქტიურებულია უკვე, შეიძლება ითქვას და მისი ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესებულია",-
განმარტავს ზურაბ ჩხაიძე.

36 წლის მამაკაცი ახალქალაქის ცენტრში თანასოფლელმა დანით და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. მას  ადგილობრივ კლინიკაში სასწრაფო-გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. შემდეგ კი პაციენტი  კატასტროფის ჯგუფმა თბილისში, კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანა. რამდენიმე დღის განმავლობაში იგი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა.

შემთხვევა 9 მაისს მოხდა. პოლიციამ 60 წლამდე მამაკაცი ცხელ კვალზე დაააკავა. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მიესაჯა.

ორივე მათგანი, დაჭრილიც და ბრალდებულიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს მაცხოვრებლები არიან.


| Print |