ჯანდაცვა
"სტრესულ მდგომარეობაში არიან, დეტალებს ვერ იხსენებენ" - ექიმი დაშავებულ ახალგაზრდებზე

ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული სამი ახალგაზრდა კლინიკა "ჯეოჰოსპიტალში" იმყოფება. მკურნალი ექიმის მიხეილ გოგიაშვილის ინფორმაციით, შეყვანილია 25 და 26 წლის ორი მამაკაცი და 20 წლის გოგონა. მედიკოსის განმარტებით, მამაკაცებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ და ისინი კლინიკას მალე დატოვებენ. რაც შეეხება გოგონას, მას ლავიწის ძვალი აქვს გატეხილი და ოპერაციას საჭიროებს.

ექიმის თქმით, ახალგაზრდები სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებიან და მომხდარის შესახებ დეტალებს ვერ იხსენებენ.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომი-ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე, მწვანე მონასტერთან, ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. მანქანა რომელშიც მეთორმეტეკლასელები ისხდნენ, მდინარეში გადავარდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ერთი მოსწავლე გარდაცვლილი, ხოლო სამი დაშავებული დახვდა.

ავტომობილის წყლიდან ამოყვანა დაახლოებით სამი საათის შემდეგ მოხერხდა.
| Print |