ჯანდაცვა
მაიმუნის ყვავილის სამიზნე ჯგუფი ბავშვები და ორსულებია - ბუწაშვილი
ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, 13 მაისიდან, მსოფლიოს მასშტაბით, „მაიმუნის ყვავილის“ 300-მდე შემთხვევაა რეგისტრირებული და ჯერჯერობით არ ვრცელდება ლეტალობის შესახებ ინფორმაცია.

მისივე განცხადებით, სამიზნე ჯგუფია ბავშვები, ორსულები და იმუნიტეტის სხვადასხვა პრობლემის მქონე პირები.

„13 მაისიდან დაიწყო „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის აფეთქება. პირველი შემთხვევაა ისტორიაში, როდესაც „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევები არ უკავშირდება აფრიკის კონტინენტს. აქამდე, კონცენტრირებული იყო აფრიკის ქვეყნებში ან უკავშირდებოდა აფრიკაში მოგზაურობას ან აფრიკიდან იმპორტირებულ ცხოველებთან კონტაქტს. დღეს უკვე გავრცელებულია ევროპის კონტინენტზე, აშშ-შიც არის შემთხვევები, კანადაშიც და ავსტრალიაშიც. 3 დღის წინ დაფიქსირდა საუდის არაბეთშიც, შესაბამისად, ძალიან ბევრი რეგიონია მოცული.

კორონავირუსისგან განსხვავებით, სამიზნე უფრო ახალგაზრდა ასაკია. პირველ რიგში, იმიტომ რომ 50 წელს გადაცილებულები აცრილები არიან ყვავილზე. ვინც ყვავილზე არის აცრილი, გარკვეულწილად დაცულია „მაიმუნის ყვავილის“ მიმართაც, ამიტომ მოსახლეობის ეს ფენა იმუნურია“
,- განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

მისი განცხადებით, ვირუსი გადადის ჰაერწვეთოვანი გზით, ასევე ბიოლოგიურ სითხეებზე მჭიდრო კონტაქტით. როგორც მან აღნიშნა, „მაიმუნის ყვავილით“ ინფექცია უფრო ძნელად გადადის, ვიდრე კორონავირუსი.

„ეს არის ვირუსული ტიპის ინფექცია, ჰგავს ყვავილის ვირუსს. იწვევს დაავადებას, რომელსაც აქვს უფრო მსუბუქი სიმპტომები. იწყება მაღალი სიცხით, გრიპის მსგავსი სიმპტომით. თავის ტკივილი და ლიმფური ჯირკვლების გადიდება, სამ დღეში იწყება გამონაყარი სახიდან, შემდეგ კი სხეულის სხვა ნაწილებზე ვრცელდება. სპეციფიკურია, რომ ხელის და ფეხის გულებზეც ფიქსირდება გამონაყარი. თანდათანობით, გამონაყარის ელემენტებში ჩნდება სითხე, გადაიქცევა ბუშტუკებად ჩირქოვანი შიგთავსით. შემდეგში ბუშტუკები იფარება ფუფხებით და შეუძლია დატოვოს ნაწიბურები“, - განაცხადა ბუწაშვილმა.

როგორც ინფექციონისტმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უკვე არსებობს „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც 2019 წელს დარეგისტრირდა.

„ეფექტურია ყვავილის ვაქცინაც, ასევე არსებობს „მაიმუნის ყვავილის“ ვაქცინაც, რომელიც 2019 წელს დარეგისტრირდა. რაც შეეხება ანტივირუსულ მედიკამენტებს, არსებობს დარეგისტრირებული ანტივირუსული მედიკამენტებიც. 18 მაისს დარეგისტრირდა ვენაში გასაკეთებელი ფორმაც იმათთვის, ვისთვისაც ყლაპვა იქნება გართულებული დამძიმებული მდგომარეობის გამო“, - აღნიშნა მან.

მისი შეფასებით, შემთხვევათა რაოდენობიდან გამომდინარე ნაადრევია პანდემიურ გავრცელებაზე საუბარი. როგორც მან აღნიშნა, ამის არგუმენტად შეიძლება მოვიყვანოთ ის, რომ ადვილად არ ვრცელდება და არსებობს იმუნური ფენა, „თუმცა გამორიცხული, რა თქმა უნდა, არ არის“.

„მზადყოფნა გამოხატული იქნებოდა იმაში, რომ დაგვეწყო ზრუნვა ვაქცინებზე. მოლაპარაკებები უნდა იქნას დაწყებული, რომ საჭიროების შემთხვევაში ქვეყანაში გვქონდეს ვაქცინის მარაგი და ანტივირუსული მედიკამენტები“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
| Print |