ჯანდაცვა
სიტუაციის სტაბილიზაციის მიუხედავად, პანდემია არ დამთავრებულა - ცერცვაძე
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მოსახლეობას აინტერესებს, COVID პანდემია დამთავრდა და შეუძლიათ მშვიდად იყვნენ თუ მოსალოდნელია COVID ახალი შემთხვევების მატება და ახალი ტალღების გაჩენა.

მისი თქმით, მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს იმიტომ, რომ მათ უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზრუნავს, თუმცა ამავდროულად უნდა ახსოვდეს, რომ პანდემია არ დამთავრებულა.

„ბოლო თვეების მანძილზე შეიმჩნევა COVID სიტუაციის სტაბილიზაცია მთელ მსოფლიოში, მაგრამ პანდემია არ დამთავრებულა. ყოველდღიურად მსოფლიოში აღინიშნება 500-დან 700 ათასამდე ახალი COVID შემთხვევა და 1000-დან 2000-მდე COVID გარდაცვალება. ამ ფონზე გამორჩეულად კარგი მდგომარეობაა საქართველოში, სადაც დღეში ფიქსირდება საშუალოდ 100-მდე ახალი COVID შემთხვევა, ხოლო გარდაცვალების შემთხვევები ან საერთოდ არ არის (0), ან ერთეული შემთხვევაა (1,2). ”,- აცხადებს ცერცვაძე.

მისი განმარტებით, საქართველომ პირველმა რეგიონში და ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში შემოიტანა და პრაქტიკაში დანერგა უახლესი და სადღეისოდ ყველაზე ეფექტიანი ანტივირუსული მედიკამენტი „პაქსლოვიდი“.

„ექიმების არსენალშია და ყველა COVID ავადმყოფისთვის ხელმისაწვდომია ე.წ. სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტები: რემდესივირი, მონოკლონური ანტისხეულები (ვირუსის შესაბამისი შტამის დროს), ტოცილიზუმაბი, ბარიციტინიბი და სხვ. ჩვენ წარმატებით ვიყენებთ COVID პაციენტების - როგორც ბინაზე დარჩენილის (პაქსლოვიდით), ისე ჰოსპიტალიზებული პაციენტების ე.წ. პროაქტიურ მკურნალობას, რამაც საშუალება მოგვცა მინიმუმამდე დაგვეყვანა COVID პაციენტების დამძიმების, რეანიმაციაში მოხვედრის და გარდაცვალების შემთხვევები.

მოსახლეობას აინტერესებს, COVID პანდემია დამთავრდა და შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, თუ მოსალოდნელია COVID ახალი შემთხვევების მატება და ახალი ტალღების გაჩენა. მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს იმიტომ, რომ მათ უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზრუნავს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ პანდემია არ დამთავრებულა, რასაც მოწმობს ახალი შემთხვევების და გარდაცვალების საკმაოდ მაღალი რიცხვები ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში “
, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
| Print |