ჯანდაცვა
„მივმართავ იმ მილიონ ადამიანს, რომლებსაც ორი დოზა ვაქცინა აქვთ გაკეთებული“ - ჩხაიძე
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე იმ მილიონ ადამიანს მიმართავს, რომლებსაც ნებისმიერი ტიპის კოვიდსაწინააღმდეგო, ორი დოზა ვაქცინა აქვთ გაკეთებული, აუცილებლად გაიკეთონ მესამე დოზა. ამ განცხადებას მედიკოსი ომიკრონის ახალი ქვეშტამის, BA 5-ის გააქტიურებასთან დაკავშირებით აკეთებს.

ივანე ჩხაიძის თქმით, ამ ადამიანებისთვის მესამე გამაძლიერებელი დოზა ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება, რათა მომდევნო თვეების განმავლობაში, რომლებიც შვებულებებისა და აქტიური კონტაქტების პერიოდს ემთხვევა, შედარებით დაცულები იყვნენ ომიკრონის ახალი შტამისგან.

„კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო იმ ადამიანებს, რომლებსაც გაკეთებული აქვთ ვაქცინაციის პირველი სერია, აუცილებლად მიმართონ ვაქცინაციის კაბინეტებს და ბუსტერ-დოზის გაკეთებით გარკვეულწილად შეიქმნან უსაფრთხო გარემო მომდევნო 4-6 თვის განმავლობაში“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

რაც შეეხება ახალ ქვეშტამს, ჩხაიძის თქმით, მას ახასიათებს გავრცელების კიდევ უფრო მაღალი ტემპები, ვიდრე ვირუსის მანამდე ცნობილ სახეობებს და ეს განსხვავება არა 10-15%, არამედ გაცილებით მეტია.

„საქართველოშიც გაორმაგებულია შემთხვევების რაოდენობა. ეს არაა ახალი ტალღა, მაგრამ ამის უკან ომიკრონის მუტაციის ამ ქვევარიანტის არსებობა გარკვეულ რისკებს ქმნის“, – განმარტა ივანე ჩხაიძემ.

მისივე თქმით, მიმდინარეობის სიმსუბუქის მიუხედავად, ომიკრონის ახალი ქვევარიანტის გავრცელება გარკვეულ ჯგუფებში – 60 წელს გადაცილებულ, არავაქცინირებულ და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში გართულებების რისკს ქმნის. მედიკოსის განცხადებით, მართალია ამ შტამს ბევრი მსუბუქად და ბევრი საერთოდ უსიმპტომოდაც გადაიტანს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ყველასთვის უსაფრთხოა. ამიტომ ვაქცინაცია ერთადერთ უალტერნატივო საშუალებად რჩება.

ივანე ჩხაიძე იმასაც ამბობს, რომ შემთხვევების მოსალოდნელ ზრდას ქვეყანა მომზადებული ხვდება, რადგან აქვს არა მხოლოდ მაღალეფექტიანი ვაქცინები, არამედ სამკურნალო პრეპერატი „პაქსლოვიდი“, რომელიც გამოიყენება დამძიმების რისკის მქონე პაციენტებში. აღნიშნულ მედიკამენტებს პაციენტები უფასოდ იღებენ.

jandacva.ge
| Print |