ჯანდაცვა
ახალი შტამი წინამორბედებისგან განსხვავებით მაღალი გადამდებობით ხასიათდება - თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიზეზები დაასახელა.

მისივე თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში დომინირებს შტამი, რომელიც წინამორბედი შტამებისგან განსხვავდება კიდევ უფრო მაღალი გადამდებობით.

„ის უფრო იოლად ვრცელდება და, შესაბამისად, კიდევ უფრო მეტ ადამიანს აინფიცირებს. საბედნიეროდ, დაავადების სიმძიმე ისეთივეა, როგორც „ომიკრონის“ სხვა შტამების დროს იყო, და ამ მხრივ გართულება არ ყოფილა. ამით აიხსნება შემთხვევების მომატებული რაოდენობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში. კიდევ ერთი მიზეზია გაზრდილი მობილობა. ადამიანები ბევრს მოგზაურობენ, ძალიან ბევრი ქართველი დაინფიცირდა უცხოეთში. გარდა ამისა, თანდათან მცირდება იმუნური ფენა. ვაქცინირებულ და კოვიდგადატანილებს პრაქტიკულად გარანტირებული აქვთ დაავადების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა“, - განაცხადა ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. 

თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებას სიფხიზლისკენ, ვაქცინაციასა და პირბადის აქტიურად გამოყენებისკენ მოუწოდებს. ცერცვაძე იმასაც აღნიშნავს, რომ მსოფლიოს 112 ქვეყანას შორის საქართველოს, გარდაცვალების პროცენტის ე.წ. CFR-ის (case fatality rate) დაბალი მაჩვენებელი აქვს.

„ტურისტული სეზონია, მოგზაურობა გაიზარდა და ძალიან ბევრი ქართველი უცხოეთში მოგზაურობისას დაინფიცირდა. ალბათ, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ის, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, საქართველოში დომინანტი გახდა BA4 და BA5 შტამები, რომლებიც გაცილებით უფრო მეტი გადამდებლობით ხასიათდებიან, ვიდრე იყო მანამდე გავრცელებული BA2 შტამი. ჩემი პროგნოზით, პიკს შემოდგომაზე მიაღწევს და ეს არ იქნება ისეთი დრამატული მატება და ისეთი პიკი, როგორიც წლის დასაწყისში იყო, მაგრამ მაინც იქნება ახალი ტალღა. ვფიქრობ გაცილებით რბილი, ვიდრე პირველი 6 ტალღა იყო. ყველაზე კარგი გამოსავალი ისევ არის ვაქცინაცია. სამწუხაროდ, იცით თქვენ რომ საქართველო ვაქცინაციაში მოიკოჭლებს“, - განაცხადა მან.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ პირს დაუდასტურდა კოვიდი, ის უნდა დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს, რის შემდეგაც მას საჭიროებისამებრ მედიკამენტი „პაქსლოვიდი“ დაენიშნება.

„როდესაც ვინმეს ეწყება ყელის ტკივილი, ხველა, ტემპერატურა ან სურდო, ეს არ იცი შენ ეს კოვიდია თუ სხვა რესპირაციული დაავადება. პირველივე დღეს ან მაქსიმუმ მეორე დღეს უნდა გაიკეთოს ტექსტი. თუ იქნება დადებითი დაამყაროს კომუნიკაცია ოჯახის ექიმთან, ისე შეაფასებს პაციენტს არაფერი სჭირდება თუ მკურნალობა. ჩვენ გვაქვს ამისთვის უახლესი ანტივირუსული მედიკამენტი „პაქსლოვიდი“, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანას არ აქვს, დაუნიშნავენ „პაქსლოვიდს“ და ბინაზე უფასოდ მიართმევენ“, - აღნიშნავს ცერცვაძე.
| Print |