ჯანდაცვა
კლინიკების ნაწილმა შესაძლოა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დატოვოს
ჯანდაცვის ასოციაციაში რეანიმაციის სტანდარტის შექმნასა და დაფინანსების ახალი სისტემის (DRG) დანერგვის საკითხს სკეპტიკურად უყურებენ. ასოციაციაში აცხადებენ რომ ეს ყოველივე ინდექსაციის პროცესს დროში გააჭიანურებს, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს სამედიცინო სექტორის დიდი ნაწილის უკმაყოფილების ზრდა. ასევე, საავადმყოფოების გამოსვლა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან.

ორგანიზაცია მასში შემავალი 130-ზე მეტი კლინიკის სახელით ამბობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში 2013 წელს დადგენილი სამედიცინო მომსახურების ტარიფები არ შეცვლილა. კლინიკებსა და სახელმწიფოს შორის არსებული შეთანხმებით კი, კლინიკებს ცალმხრივად მომსახურების ტარიფის შეცვლის უფლება არ აქვთ. ფასების ზრდისა და კორონავირუსის პანდემიის შედეგებთან გამკლავების ფონზე მუშაობის პირობებში კი, ჯანდაცვის ასოციაციის განცხადებით, პაციენტები ზარალდებიან, რადგან შექმნილი ვითარება მომსახურების ხარისხზე აისახება.

მათი თქმით, პაციენტისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ხარისხზე, გავლენას ახდენს მედპერსონალის ანაზღაურებაც, რომელიც, უცვლელი რჩება ინფლაციის და გაზრდილი ხარჯების ფონზე. ეს სამედიცინო პერსონალის უკმაყოფილებას იწვევს. შესაბამისად, პაციენტს, დემოტივირებული პერსონალი ხვდება. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ექთნებისა და სანიტრების შემთხვევაში, რომელთა რაოდენობაც ისედაც მცირეა. ამასთან, კლინიკების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფასის გათვალისწინებით, არჩევანის შეჩერება შედარებით იაფფასიან სახარჯ მასალებზე უწევთ.

ტარიფების ინდექსაციის (ტარიფების ზრდა საქსტატის მიერ დადგენილი ინდექსის შესაბამისად) მოთხოვნით, 130-ზე მეტმა სამედიცინო დაწესებულებამ ჯანდაცვის სამინისტროს არაერთხელ მიმართა. ასოციაციაში ფიქრობენ, რომ სამინისტროსგან ახალ ტარიფებთან დაკავშირებით პასუხს ივლისში მიიღებენ. თუ ასე არ მოხდება, კლინიკების ნაწილმა შესაძლოა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დატოვოს.

კარდიოქირურგთა ასოციაციის ხელმძღვანელ სულხან ლომინაძის თქმით, თუ კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დატოვებენ, ამით პირველ რიგში მოსახლეობა დაზარალდება.

„მოსახლეობისთვის იქნება სერიოზული ზიანის მომტანი ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე. საყოველთაომ სერიოზული შედეგი მოგვცა დასაწყისიდან 2019 წლამდე, რადგან ჯანდაცვა ხელმისაწვდომი გახდა ნებისმიერი ფენისთვის.

ვერ გეტყით, რომელ კლინიკებს აქვს გადაწყვეტილი პროგრამიდან გამოსვლა, თუმცა მრავალპროფილური კლინიკების გამოსვლა პირველ რიგში პაციენტისთვის იქნება ზიანის მომტანი და შემდეგ პერსონალისთვის და კლინიკისთვის. არ მინდა დავუშვა, რომ აქამდე მივალთ და მოხდება მათი გამოსვლა პროგრამიდან“
,-აცხადებს სულხან ლომინაძე.

რომელი კლინიკები აპირებენ სახელმწიფო პროგრამის დატოვებას, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს იმონ ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორი და ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, თუმცა მაია მახარაშვილი მოვლენების ამ სცენარით განვითარებას არ გამორიცხავს.

"პროგრამიდან კლინიკების გამოსვლით ორი რისკი ჩნდება, ერთი რისკია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, მეორე ფინანსური ხელმისაწვდომობა. და თუ მაინც პაციენტი იმ კლინიკაში მოხვდება, რომელიც არ მონაწილეობს პროგრამაში, მოუწევს სრულად დაფაროს მომსახურების ხარჯი ან უნდა იყოს კერძო დაზღვევით მოსარგებლე. სხვა შემთხვევაში მოუწევს ჯიბიდან გადახდა ან სხვა რაიონულ ცენტრში მიმართვა“, - განმარტავს მაია მახარაშვილი.

bm.ge
| Print |