ჯანდაცვა
სამედიცინო პერსონალის მინიმალური სახელფასო ანაზღაურება იზრდება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, დღეიდან სახელმწიფო მართვაში არსებული კლინიკების სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური სახელფასო ანაზღაურება გაიზრდება.

როგორც აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ანაზღაურება საშუალოდ 50%-ით გაეზრდება ქვეყნის მასშტაბით 17 ამბულატორიაში მომუშავე მედპერსონალსაც.

„ჩვენს მართვაში არსებულ კლინიკებში მოხდება მინიმალური სახელფასო ანაზღაურების გაზრდა სამედიცინო პერსონალისთვის, რაც შეეხება 17 ამბულატორიას ქვეყნის მასშტაბით, მათ ასევე მნიშვნელოვნად გაეზარდათ ანაზღაურებები. საშუალო ანაზღაურება მთლიანად ამ 1000 ადამიანს შეეხება და არის 50%-ის ფარგლებში, მაგრამ ცალკე აღებული პოზიციებისთვის არის სხვადასხვა. ექთნების შემთხვევაში 100%-ით გაიზარდა მათი ანაზღაურება და დღეიდან მიიღებენ გაორმაგებულ ანაზღაურებას. ეს არის ის მინიმუმი, რაც შეუძლია სახელმწიფოს მათი დაფინანსების ფარგლებში და შესაძლებლობა, რაც შეგვეძლო სამედიცინო პერსონალისთვის გაგვეკეთებინა 1-ელი აგვისტოდან. ვფიქრობ, ღირსეულ, ადეკვატურ ანაზღაურებამდე კიდევ ბევრი გვაქვს დარჩენილი, მაგრამ ეს არის ის, რაც დღეისათვის გავაკეთეთ. ეს ბევრ კერძო კლინიკასთნ მიმართებაში საკმაოდ კონკურენტულია და გაცილებით მაღალია, ვიდრე ზოგიერთ კერძო კლინიკაში, სადაც სამწუხაროდ, ისევ დარჩენილია დაბალი ანაზღაურება“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
| Print |