ჯანდაცვა
რატომ მოიმატა ენტეროვირუსის შემთხვევებმა? - სპეციალისტები
ბავშვებში ენტეროვირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა. სხვა სეზონებთან შედარებით გაზრდილია სტაციონარში მიმართვიანობაც, - ამის შესახებ ბავშვთა ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პედიატრმა ნინო სირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ინფიცირებული პაციენტები დაახლოებით 1 კვირა თავსდებიან სტაციონარში, მწვავე ნაწლავური ინფექციის დროს კი შესაძლოა 14 დღე გაგრძელდეს მკურნალობა.

როგორც პედიატრი განმარტავს, ვირუსს ძირითადად ახასიათებს ცხელება, ღებინება და ნაწლავის ხშირი მოქმედება.

„ნაწლავური ინფექციებით ინფიცირებულების მომართვიანობა მომატებულია.ზუსტი მონაცემები არ გვაქვს, მაგრამ სხვა სეზონებთან შედარებით, წელს სტაციონარში მომართვიანობაც მომატებულია. ენტეროვირუსს სხვადასხვა სახელწოდების ვირუსი იწვევს. მას ძირითადად ღებინება და ნაწლავის ხშირი მოქმედება ახასიათებს. ვირუსი ხელით გადადის, დაბინძურებული ხელის პირში მოხვედრით. კერძოდ, ინფიცირება შესაძლებელია დაბინძურებულ ზედაპირებთან შეხების შემდგომ დაუბანელი ხელის ცხვირის, პირის, თვალების ლორწოვანთან შეხებით. ასევე, მოგეხსენებათ, ზაფხულის სეზონია და ნაწლავური ინფექციების დროს აუზზე სიარული მიზანშეწონილი არ არის. თავის დაცვისთვის აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა. ჰიგიენური ნორმების დაცვა ბავშვებში უფრო რთულია, რაც უფრო პატარაა, მით უფრო ხშირი კონტაქტი აქვს გარემოსთან. ხშირად, ვირუსულ ინფექციას გართულებებიც ახასიათებს.

რაც შეეხება მკურნალობას, ნაწლავურ ინფექციას რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსება არ სჭირდება. ძირითადად საჭიროა სიმპტომური მკურნალობა, სითხის შევსება. პაციენტები დაახლოებით 1 კვირა თავსდებიან სტაციონარში, მწვავე ნაწლავური ინფექციის დროს კი შესაძლოა 14 დღე გაგრძელდეს მკურნალობა.

სტაციონარული მკურნალობის დროს მნიშვნელოვანია ორგანიზმის სითხით შევსება. ასევე, აღსანიშნავია, რომ სტაციონარული მკურნალობის შემდეგ შესაძლოა სიმპტომები გაგრძელდეს, თუმცა ბავშვს შეუძლია მიიღოს სითხე და საკვები, მკურნალობა სახლში გააგრძელოს“
, - აღნიშნავს ნინო სირაძე.
| Print |