ჯანდაცვა
1-ლი დეკემბერი შიდსის მსოფლიო დღეა
პირველ დეკემბერს, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს სამოქალაქო სექტორი საინფორმაციო კამპანიით ყოველწლიურად აღნიშნავს.

საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევა 1989 წელს გამოვლინდა. 30 წლის შემდეგ, აივ ინფიცირებულების სავარაუდო რიცხვი საქართველოში 10 500-ს უტოლდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებით, პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის დღედ არის აღიარებული და 1988 წლიდან სისტემატურად აღინიშნება. კამპანიის მიზანია მსოფლიო ახალგაზრდების მობილიზება, სათანადოდ მომზადება და ჩართვა შიდსის ეპიდემიის საპროფილაქტიკო ღონისძიებების განხორციელებაში.

შიდსი, ანუ შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, აივ ინფექციის ბოლო სტადიაა. ინფექცია აზიანებს და ანგრევს იმუნურ სისტემას, რაც ადამიანის ორგანიზმს ართმევს უნარს, წინააღმდეგობა გაუწიოს ინფექციებსა და დაავადებებს. ასევე, იგი ტუბერკულოზის განვითარების ძირითადი რისკფაქტორია.

სახელმწიფოსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით მიმდინარეობს შიდსის უფასო სკრინინგი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაერო-ს გენერალური ასამბლეის 1988 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, 1 დეკემბერს ყოველწლიურად აღინიშნება აივ/შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე.

შიდსის სიმპტომებია:

ტემპერატურის უმიზეზო მომატება 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში;
ლიმფური კვანძების გადიდება;
ძლიერი საერთო სისუსტე;
მუქი წითელი ფერის ლაქები კანსა და ლორწოვან გარსებზე;
გახანგრძლივებული პნევმონია (ფილტვების ანთება), რომელიც არ ექვემდებარება ჩვეულებრივ მკურნალობას;
ძლიერი ოფლიანობა, განსაკუთრებით, ღამით;
თეთრი ფერის ნადები პირის ღრუს ლორწოვანზე;
პათოლოგიური მოვლენები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ.
შიდსის ვირუსი არ გადადის:
კოცნით – ნერწყვში ვირუსი იმდენად მცირე კონცენტრაციითაა, რომ კოცნით ინფიცირება პრაქტიკულად შეუძლებელია. საშიშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ნერწყვს დიდი ოდენობით სისხლი მოჰყვება ან პირის ღრუს ლორწოვანი გარსი დაზიანებულია და მასში ვირუსი იოლად აღწევს;
მწერების ნაკბენით;
აუზზე, აბანოსა და საუნაში;
ხელის ჩამორთმევით;
პირადი ჰიგიენის ნივთებით (პირსახოცით, ჭურჭლით) და ტანსაცმლით;
დონორობისას.

არსებობს აივ ინფექციის გადაცემის შემდეგი გზები:

დაუცველი სქესობრივი კონტაქტი ან დაინფიცირებულ პირთან სექსუალური კავშირი;
ინფიცირებული სისხლის გადასხმა;
აივ ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსის ან სხვა ბასრი ინსტრუმენტის გამოყენება;
ინფიცირებული დედის ორსულობა, მშობიარობა ან ძუძუთი კვება.
თუ გაქვთ ეჭვი, რომ ინფიცირებული ხართ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით, დაძლიეთ ემოციები და გამოიკვლიეთ თავი შიდსზე, რადგან აივ ინფიცირების შემთხვევაში აუცილებელია:

დროულად ჩაიტაროთ გამოკვლევები და დაიწყოთ სპეციფიკური მკურნალობა, რომელიც აჩერებს დაავადების პროგრესირებას;

მეტი ყურადღება მიაქციოთ საკუთარ ჯანმრთელობას, რადგან აივ ინფექციის ფონზე ნებისმიერი თანმხვედრი დაავადება მიმდინარეობს მძიმედ და საჭიროა სათანადო მკურნალობა, განსაკუთრებით, ჰეპატიტების, ტუბერკულოზის და ვენერიული დაავადებების დროს;
თავიდან აიცილეთ თქვენთვის ახლობელი და საყვარელი ადამიანების ინფიცირება.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ტარდება შიდსის უფასო სკრინინგი. ასევე, ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, 2015 წლის მაისიდან მოსახლეობას საშუალება აქვს, უფასო ტესტირება C ჰეპატიტზეც ჩაიტაროს.
| Print |