ჯანდაცვა
მეგი ბაქრაძის საქმეზე სამხარაულის დასკვნა მზადაა - რა წერია დოკუმენტში?
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე სამხარაულის დასკვნა სავარაუდოდ მომავალ კვირაში გამოქვეყნდება. ამის შესახებ „მეცხრე არხთან“ ოჯახის ადვოკატი ვახო ბარამაშვილი საუბრობს.

ბარამაშვილის თქმით, ერთი თვეა რაც სამხარაულის დასკვნა მზადაა, მაგრამ მისთვის ამის შესახებ არავის უცნობებია. ამბობს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ დოკუმენტის გაცნობის უფლება მიეცათ, ექსპერტებს კი დოკუმენტის შესწავლა სავარაუდოდ მომავალ კვირას შეეძლებათ.

„დასკვნა მზად არის. ახლა მხოლოდ დოკუმენტის გაცნობის უფლება მოგვცეს, თუმცა დასკვნა არ გადმოგვცეს. სავარაუდოდ მომავალ კვირას გვექნება დასკვნა, რომელსაც ექსპერტმა უნდა გადახედოს“ - ამბობს ვახტანგ ბარამაშვილი.

რაც შეეხება დასკვნის შინაარსს, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზად დასკვნაში ანაფილაქსიური შოკია დასახელებული, ,,რასაც წინასწარ ვვარაუდობდით".

„დანარჩენ კვლევით ნაწილს ექსპერტმა უნდა გადახედოს და დაადგინოს, რამ გამოიწვია ანაფილაქსიური შოკის განვითარება. ჩვენ ვსაუბრობდით ექიმების მიერ დაშვებულ შეცდომაზე, რომ მათ  „ადრენალინის“ ნაცვლად მეგის „დექსამეტაზონი“ გაუკეთეს. გამოსაკვლევია ეს ნაწილი, რამდენად შეცვლიდა სიტუაციას  (ადრენალინი) და ასეთ შემთხვევაში გადარჩებოდა თუ არა მეგი“ - განაცხადა ადვოკატმა ჩვენთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ მეგი ბაქრაძეს, რომელიც ახალციხის კლინიკა "იმედში" ექთნად მუშაობდა, 2021 წლის 18 მარტს "ასტრაზენეკას" ვაქცინით კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩაუტარდა. ვაქცინაციის შემდეგ 27 წლის ქალი კომაში ჩავარდა და მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ადგილზე ვეღარ შეძლეს. იგი "იმედიდან" თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მეგი ბაქრაძის გარდაცვალება მედიკოსებმა 19 მარტს, 12:00 საათზე დააფიქსირეს.
| Print |