ჯანდაცვა
„აქვე გარდაცვლილი იყო, გაითამაშეს თბილისში გადაყვანა“ - მეგი ბაქრაძის მეუღლე ექსპერტიზის დასკვნაზე
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე სამხარაულის დასკვნა ოჯახს ჯერ კიდევ არ მიუღია. საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის მიცემული ვადა ისე ამოიწურა, რომ უწყებამ არც ამჯერად გადასცა ბაქრაძის ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს ექსპერტიზის დასკვნა.

რატომ არ აწვდის პროკურორი მეორე მხარეს დოკუმენტს, რომელსაც წელიწადი და 9 თვეა ყველა ელოდება, არც ოჯახის წევრებმა იციან. მათ შემთხვევით გაიგეს, რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც ახალგაზრდა მედდის სიკვდილის მიზეზი უნდა დაადგინონ, 1 თვეა მზადაა და უკვე პროკურატურაშია გადაგზავნილი.

გასულ კვირას მეგი ბაქრაძის ქმარი და ადვოკატები მივიდნენ საქართველოს მთავარ პროკურატურაში, თუმცა დასკვნა არ გამოატანეს და დაჰპირდნენ, რომ რამდენიმე დღეში გადასცემდნენ.

ადვოკატებს საშუალება მისცეს ადგილზე მხოლოდ გადაეკითხათ დოკუმენტაციის ნაწილი, სადაც ეწერა რომ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზი ანაფილაქსიური შოკია. მაგრამ რამ მიიყვანა აქამდე და ჩაუტარდა თუ არა ადეკვატური მკურნალობა ახალციხეში, ამის გასარკვევად საჭიროა დასკვნას სპეციალისტები გაეცნონ. თუმცა ამის საშუალებას პროკურატურა ჯერ არ იძლევა.

ბაქრაძის მეუღლე მანუჩარ კობახიძე აცხადებს, რომ ის ადვოკატებთან შეთანხმებით კიდევ აპირებს პროკურატურაში ჩასვლას და დოკუმენტის გამოთხოვას, რადგან ოჯახს სურს, რომ დასკვნა კერძო ექსპერტებმა შეისწავლონ.

„ერთი თვეა რაც დასკვნა ჩამოსულია და შემთხვევით გავიგეთ ამის შესახებ. არავის არ უთქვამს, არც დოკუმენტს გვატანენ. დასკვნაში გარდაცვალების მიზეზად ანაფილაქსიური შოკია დასახელებული, ეს დოკუმენტი აუცილებლად უნდა გამოვიკვლიოთ. გვაინტერესებს რატომ მივიდა საქმე აქამდე და როგორ მოხდა ჯანმრთელი ადამიანის გარდაცვალება. ჩემი მეუღლე ახალციხეშივე გარდაცვლილი იყო, ხალხის თვალის ასახვევად გაითამაშეს და მიცვალებული თბილისში წაიყვანეს“ - აცხადებს მანუჩარ კობახიძე ჩვენთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის მედდა მეგი ბაქრაძე 2021 წლის 18 მარტს კორონავირუსის საწინააღმდეგო, ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა, რის შემდეგაც ცუდად გახდა და გარდაიცვალა. გაირკვა, რომ ანაფილაქსიური შოკის განვითარების დროს კლინიკაში ამცრელი ექიმი და რეანიმატოლოგი არ იმყოფებოდნენ და შესაბამისად, მათ პირველადი დახმარება ვერ ჩაუტარეს. ანაფილაქსიური შოკის განვითარების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რამდენად სწრაფად გაუკეთდება პაციენტს ადრენალინი, რამაც მეგი ბაქრაძის შემთხვევაში დააგვიანა.
| Print |