ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს ცხელებით სამი ადამიანი დაავადდა

სამცხე-ჯავახეთის სამ მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს შემთხვევები დაფიქსირდა. ამ დროისათვის ვირუსული ინფექცია გამოვლენილია ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშში და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქურდევში. მწვავე ვირუსული ინფექცია იმ პირებს უდასტურდებათ, ვისაც პირუტყვთან შეხება უწევს.

აღნიშნული სოფლების მოსახლეობის ნაწილმა იცის დაავადების შესახებ და პრევენციულ ღონისძიებებსაც ახორციელებს.

ყირიმ-კონგოს ცხელება მძიმე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. ყირიმ-კონგოს ვირუსი ეპიდაფეთქებებით ხასიათდება. ვირუსული ინფექციის ძირითადი გადამტანები მინდვრის თაგვები და ტკიპები არიან. ტკიპამ ჯერ უნდა უკბინოს დაავადებულ მღრღნელს, რომელიც ინფექციის ძირითადი რეზერვუარია და შემდეგ - ადამიანს.

დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, ჩნდება სისხლჩაქცევები კანზე, კანქვეშ, ნაკბენის მიდამოებში და ვითარდება სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, რეგიონში ამ ეტაპზე მხოლოდ სამი შემთხვევაა გამოვლენილი.
| Print |