ჯანდაცვა
ჩუტყვავილას ვაქცინის შემოტანა პრობლემა არ არის - რას აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის საქმეს რეგულირების სააგენტო სრულყოფილად შეისწავლის. მისი თქმით, პრობლემა არა ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანა, არამედ მისი სრულად ათვისებაა, რათა შედეგი ეფექტიანი იყოს.

„ჩუტყვავილასთან დაკავშირებით ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. რაც შეეხება ვაქცინას, ის საქართველოს ისტორიაში კალენდარულ ვაქცინაციაში არ ყოფილა. ეს არის სხვადასხვა პრობლემასთან დაკავშირებული, მათ შორის 80%-იანი მოცვა უნდა იყოს, რომ შედეგს ეფექტიანად მივაღწიოთ.

ვაქცინის შემოტანის პრობლემა არ არის, პრობლემაა ამ აცრებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან არ ყოფილა რეკომენდაცია, რომ ამ ტიპის ვაქცინაცია დავიწყოთ. რეგულირების სააგენტო ამ საკითხს [4 წლის ბავშვის გარდაცვალებას] სრულყოფილად შეისწავლის და ძალიან მალე გვეცოდინება, რა მოხდა რეალურად“,
- აღნიშნა მინისტრმა.

გორში, 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბავშვის ახლობლების თქმით, 4 წლის თომა წიქარიძეს ექიმის მიერ ინფექციის არასწორი მართვის გამო, სეფსისი განუვითარდა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა. რაც შეეხება კლინიკას, "გორმედის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვი მშობლებმა ამბულატორიულად მიიყვანეს კონსულტაციაზე, თუმცა, შემდგომ სტაციონარულ მკურნალობაზე უარი განაცხადეს და თვითნებურად წაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებიდან.
| Print |