ჯანდაცვა
ყირიმ-კონგოს შემთხვევები ისევ იმატებს
ბოლო პერიოდში საქართველოში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 8 შემთხვევა დაფიქსირდა, ძირითადად სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, მათგან 6 პაციენტი უკვე გაეწერა, 2 პაციენტი კი აგრძელებს მკურნალობას.

მისივე თქმით, ინფექციის რეზერვუარები არიან მრავალრიცხოვანი შინაური და გარეული ცხოველები, რომლებზეც ტკიპები პარაზიტობენ.

ყირიმ-კონგოს ცხელება მძიმე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. ყირიმ-კონგოს ვირუსი ეპიდაფეთქებებით ხასიათდება. ვირუსული ინფექციის ძირითადი გადამტანები მინდვრის თაგვები და ტკიპები არიან. ტკიპამ ჯერ უნდა უკბინოს დაავადებულ მღრღნელს, რომელიც ინფექციის ძირითადი რეზერვუარია და შემდეგ - ადამიანს.

დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, ჩნდება სისხლჩაქცევები კანზე, კანქვეშ, ნაკბენის მიდამოებში და ვითარდება სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან.
| Print |