ჯანდაცვა
სოფელ ორგორაში ბრუცელოზი 15 პირუტყვს დაუდასტურდა

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორაში ბრუცელოზი 15 მსხვილფეხა პირუტყვს და 3 ცხვარს დაუდასტურდა. ამის შესახებ "მეცხრე არხთან" საუბრისას, სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ლია ბექაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, სოფლებში სადაც ბრუცელოზი გამოვლინდა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს არსებული სიტუაციის კვლევა. ვეტერინარები იკვლევენ ცხოველებს და გამოკითხვას აწარმოებენ სოფლის მაცხოვრებლებთან.

ინფიცირებული ცხოველების უმეტესობა ვეტერინარულ სასაკლაოზეა დაკლული, ვეტერინარების ზედამხედველობის ქვეშ.

შეგახსენებთ, რომ ბრუცელოზი თავდაპირველად ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუდაბელში გამოვლინდა. ამ დროისთვის აქ 27 შემთხვევაა აღრიცხული.

ბრუცელოზი ზოონოზური (ინფექციური დაავადება, რომელიც გადადის ცხოველიდან ცხოველზე, ან ადამიანზე და პირიქით) დაავადებაა. ინფექციის წყაროა როგორც წვრილი, ასევე მსხვილფეხა რქოსანი საქონელი. ინფექცია ცხოველიდან ადამიანზე შეიძლება გადავიდეს ალიმენტური, კონტაქტური და ასპირაციული გზით.

ბრუცელოზის სიმპტომები ხშირად წააგავს გრიპისას და ის მჟღავნდება მიკრობის ორგანიზმში მოხვედრიდან რამდენიმე დღეში ან თვეში. დამახასიათებელი სიმპტომებია:
  • ცხელება
  • ოფლიანობა
  • თავის ტკივილი
  • საერთო სისუსტე
  • დაღლილობის შეგრძნება
  • სახსრების ტკივილი.
| Print |