ჯანდაცვა
მეხდაცემული ჯარისკაცის მდგომარეობა მძიმეა
ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმიური საველე სწავლების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა.

დაშავებულ ოფიცერს პირველადი სამედიცინო დახმარება ქვედანაყოფის სამხედრო ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს და  ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მას რეანიმაციული ღონისძიებები ჩაუტარდა.

პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმე რჩება. თუმცა, მედიკოსების თქმით, ,,მიმდინარე რეანიმაციული მკურნალობის შედეგად ჰერმოდინამიკური პარამეტრები უკვე დასტაბილურდა".

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურმა სამმართველომ.

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფებიან დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრები და დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია.

,,მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, შემოიყვანეს უგონო მდგომარეობაში, დაფიქსირდა გულის გაჩარება, აქვს დამწვრობა. ჩავუტარეთ პირველადი დახმარება რეანიმაციაში, - განაცხადა კლინიკის მენეჯერმა კახაბერ მუხიგულაშვილმა.

მეხის დაცემის შედეგად დაშავებული ჯარისკაცი ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლიდან თბილისში, სავარაუდოდ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაჰყავთ.
| Print |