ჯანდაცვა
როგორია მეხდაცემული ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემისას დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკის, გოდერძი აფრასიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ამის შესახებ გუგა ქაშიბაძემ "მეცხრე არხს" განუცხადა.

„საკმაოდ სერიოზული დაზიანებები მიიღო, შესაბამისად, მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სავარაუდოდ, ჭექა-ქუხილის დროს, ელვით მიიღო დაზიანებები. მეხის დარტყმას რასაც ეძახიან, ეს არის მისი დიაგნოზი. დამწვრობითი შოკია საკმაოდ სერიოზული. როგორც წესი, ჭექა-ქუხილის დროს მეხის დაცემა საკმაოდ სერიოზულ დაზიანებას იწვევს“, - განაცხადა ქაშიბაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმური საველე სწავლების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა.
| Print |