ჯანდაცვა
სუროგაციასთან და ინ ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებული კანონპროექტი მომზადდა - ჯანდაცვის მიისტრი
სუროგაცია, დონაცია, ინ ვიტრო განაყოფიერება - სამწუხაროდ წლების განმავლობაში ეს სერვისები იყო უკონტროლო. არ ხდებოდა კონტროლი, თუ ვისი ემბრიონია, ვინაა დონორი და სრულიად სახელმწიფოს კონტროლს მიღმა ხდებოდა ეს პროცესები, - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში, ამ მიმართულებით, ერთიანი მონაცემთა ბაზა არ არსებობს. მისივე თქმით, ცვლილებები, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს.

„დღეს არ არსებობს ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზა, ან სახელმწიფოს, რომ წვდომა ჰქონდეს ამ ბაზებთან. ვაღიარებ, რომ ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან ხშირ შემთხვევაში ეს ეხება საქართველოს მოქალაქეებს. ამ უკონტროლო სიტუაციას, კი საბოლოოდ, გარკვეული წვლილი შეაქვს, დემოგრაფიულ პრობლემაში. არის თითქოს საუბარი და სპეკულაცია იმაზე, რომ რაღაც რეგულირდებოდა, თუმცა ეს ასე არაა.

საქართველოში, როცა ბავშვი იბადება, მიდიან სამოქალაქო რეესტრში - დედა მამა და რეგისტრირდება აი ამ დონეზე. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ბოლო თვეებში, ბავშვი საქართველოში არც იბადება. როცა გამიზნულია მისი გასხვისება სხვა ქვეყანაში, სუროგატი პირდაპირ იმ ქვეყანაში მიჰყავთ სადაც ბავშვი უნდათ, რომ დაიბადოს.

ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც ჯერ კიდევ წლების წინ უნდა შეგვესრულებინა. ვფიქრობ, რომ ახლა არის კანონპროექტის სრულყოფილი ვერსია, რომელიც შეჯერებულია დასავლურ გამოცდილებასთან. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით არის მომზადებული ეს კანონპროექტი. ცვლილებით აღნიშნული სევრისებით სარგებლობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ“
,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

სუროგაცია ეს არის პრაქტიკა, როდესაც ქალი ორსულდება და ბავშვს აჩენს იმ მიზნით, რომ ის გადასცეს ისეთ პირს, რომელსაც არ შეუძლია მისი ყოლა.

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის 143-ე მუხლის საფუძველზე სუროგაცია საქართველოში ლეგალურად გამოცხადდა 1997 წელს. ხსენებული ნორმა ეხება ექსტრაკორპორულ განაყოფიერებას, აწესებს მის წინაპირობებს და ამავდროულად მიუთითებს ხელოვნური განაყოფიერების გზით მიღებული ემბრიონის „სხვა ქალის“ საშვილოსნოში გადატანისა და მისი გამოზრდის შესაძლებლობაზე. სუროგაციის ხელშეკრულება შედის პერსონალური მომსახურების ტიპის კონტრაქტებში. მისთვის დამახასიათებელია კომპლექსურობა, ის შეიძლება შეიცავდეს არახელსაყრელ პირობებსაც, რის გამოც განსხვავდება ტრადიციული დასაქმებისაგან.

სუროგაციის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დაბადებული ბავშვის მშობლის სტატუსის განსაზღვრაა. იურისდიქციების უმრავლესობის მიხედვით, სუროგაციის მეშვეობით დაბადებული ბავშვის მშობლის უფლებები წინასწარგანსაზღვრული და მბოჭავი ძალის მქონეა.

საქართველოს კანონმდებლობა სუროგაციასთან დაკავშირებულ უამრავ საკითხს ტოვებს მკაფიო რეგულირების გარეშე, თუმცა ბავშვზე მშობლის სტატუსის მიკუთვნების შესახებ ვხვდებით ცალსახა მითითებას: „ბავშვის დაბადების შემთხვევაში წყვილი ითვლება ბავშვის მშობლად, აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობით და უფლებამოსილებით; დონორს ან „სუროგატულ დედას“ არ აქვს დაბადებული ბავშვის მშობლად ცნობის უფლება.“
| Print |