ჯანდაცვა
საექთნო საქმიანობის უკანონო განხორციელება 2 ათასი ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილეს. საკითხი დეპუტატებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ გააცნო.

მომხსენებლის განცხადებით, ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სექტორში ექთნების და მეანი-ექთნების საჭიროზე მკვეთრად ნაკლები რაოდენობაა. მისივე ინფორმაციით, წარმოდგენილი ცვლილებები საკანონმდებლო დონეზე დაარეგულირებს ექთნების და მეანი-ექთნების განათლების, პროფესიული საქმიანობისა და პროფესიული განვითარების პროცესებს.

ცვლილებების თანახმად, მკვიდრდება ახალი, გენდერულად ნეიტრალური ტერმინი და „ბებიაქალის“ წოდება ჩანაცვლდება ტერმინით „მეანი-ექთანი“. ასევე, ექთნებისა და მეანი-ექთნების მიღებული განათლების შესაბამისად, ინერგება წოდებრივი რანჟირების სისტემა.

კანონპროექტით განისაზღვრება საექთნო და მეანი-ექთნის საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობის სახეები.

ცვლილებები შედის ასევე „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ექთნის და მეანი-ექთნის სპეციალობები ემატება რეგულირებადი პროფესიების ჩამონათვალს. რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ სპეციალობებში საქმიანობის წინაპირობაა შესაბამისი კვალიფიკაციის არსებობა და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარება ან მოთხოვნილი კვალიფიკაციის მინიჭებისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გამოცდის ჩაბარება. რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, ვინაიდან უკვე ექთანი და მეანი ექთანი ხდება რეგულირებადი სპეციალობა, დაუშვებელია სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის და სერტიფიკატის გარეშე საქმიანობის წარმოება. საექთნო და მეანი-ექთნის უკანონო საქმიანობის განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ ცვლილებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ამ მიმართულებას საკანონმდებლო რეგულირება სჭირდებოდა. ეს ცვლილებები მიმართულია, რომ დეფიციტურ პროფესიაში უფრო მეტი ადამიანი მოვიზიდოთ“
, - განაცხადა გივი მიქანაძემ. კომიტეტმა ცვლილებათა პაკეტს მხარი დაუჭირა.
| Print |