ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გახდა
ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. ირაკლი კობახიძის თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, როგორც სამედიცინო წრეებთან, ასევე ინდივიდუალური კონსულტაციები გაიმართა ახალი მინისტრის შესარჩევად.

,,კონსულტაციების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ის, თუ რამდენად უნდა ყოფილიყო ახალი მინისტრი სამედიცინო წრეების წარმომადგენელი. ამ საკითხთან დაკავშირებით როგორც პოლიტიკურ გუნდში, ისე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის აზრი იყო ორად გაყოფილი.

ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ახალი მინისტრი აუცილებლად სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო. მეორე ნაწილი ზუსტად ამის საპირისპირო მოსაზრებას გამოხატავდა. კონსულტაციების საფუძველზე მივედი დასკვნამდე, რომ მინისტრის პოსტზე შეიძლებოდა როგორც სამედიცინო წარმომადგენლების, ისე სხვა კანდიდატების განხილვა. საბოლოოდ, უპირატესობა მივანიჭე ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრს, რომლის პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების, გამოცდილების მიმართ განსაკუთრებული ნდობა მაქვს.

მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დაინიშნა ბატონი მიხეილ სარჯველაძე. მას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. 2012 წლამდე ბატონი მიხეილი ეწეოდა წარმატებულ საადვოკატო საქმიანობას, 2012 წლის შემდეგ მას საჯარო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა"
- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მიხეილ სარჯველაძე იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი, მოგვიანებით, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო გუნდის წევრი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. 

მიხეილ სარჯველაძემ ამ პოსტზე ზურაბ აზარაშვილი შეცვალა.
| Print |